Tuesday, August 16, 2011

აზიური ”შევროლე” ევროპის გაკვირვებას აპირებს

Asian Styling Set to Impress Europe

16 აგვისტო


რამდენიმე თვის წინ, სეულის ავტო შოუზე, ამ ავტომობილმა საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. პატარა, სწრაფი, სუფთა და ”მწვანე” - მოკლედ ასე შეიძლება მისი დახასიათება. ავტომობილს ”შევროლე მირეი” ჰქვია. ის როდსტერია და ამერიკული კომპანიის კორეული დივიზიონის სპეციალისტების მიერაა შემჲშავებული. და, თანამედროვე ბაზრის ტენდენციას ხომ არ გამოაკლდებოდა - ის სანახევროდ ელექტრომობილია.

მალე აზიელი დიზაინერების მიერ შემუშავებულ სტილისტურ იდეებს, ფრანკფურტის მოტორ შოუს დამთვალიერებლებიც იხილავენ. და რა თქმა უნდა, საინტერესოა, როგორ მიიღებს ძველი კონტინენტი ავტომობილს, რომელმაც რამდენიმე სადიზაინერო კონკურსის მთავარი ჯილდო დაიმსახურა.

როგორც ”შევროლეს” პრეს რელიზი გვატყობინებს, კორეულად მირეი მომავალს ნიშნავს. ამ სახელის დარქმევა სიმბოლურიცაა, რამეთუ ის ამერიკული ბრენდის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. და ”შევროლე მირეი” ამასთან დაკავშირებითაც ჩააქვთ ფრანკფურტში.

ფოტოდანაც ჩანს, რომ ავტომობილი სპორტული როდსტერია. მის წინა ნაწილში ორი, საკმაოდ სუსტი ელექტროძრავია განლაგებული. თითოეული ძრავი სულ რაღაც, 20 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და ისინი წინა ბორბლებს აბრუნებენ. ამასთან, ავტომობილის უკან ბენზინის 1.5-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ძრავი მოთავსდა, რომელიც თავის მაბრუნ მომენტს, უკანა ბორბლებს გადასცემს. ამგვარად, ავტომობილი შეიძლება სრულამძრავიანადაც ჩაითვალოს. ავტომობილის ჰიბრიდული სისტემის კიდევ ერთი ნაწილია 1.6 კილოვატსაათი ტევადობის მქონე აკუმულატორი, რომელიც მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემისგან იმუხტება.

No comments:

Post a Comment