Friday, August 12, 2011

ბერნი პიტლეინზე ელექტროძრავების წინააღმდეგია


Ecclestone Says No to Electric Engines in the Pit Lane
12 აგვისტო
ფორმულა ერთის მამებმა გადაწყვიტეს, რომ დიდი პრიზების ცირკს თანდათან მწვანე ტექნოლოგიები შეაპარონ და იქნებ, ჟან ტოდტის (FIA-ს პრეზიდენტი) ხელმძღვანელობით და ევროკავშირის გავლენით, სამომავლოდ ელექტროძრავებით აღჭურვილი ბოლიდებით რბოლებსაც გვიგეგმავენ. მაგრამ ეს პერსპექტივა, ბევრ თქვენგანზე მეტად, ფ1-ის პრომოუტერ ბერნი ეკლსტოუნს არ მოსწონს.

მას ჯერ ისიც ვერ მოუნელებია, რომ მალე V8-ს ნაცვლად, მანქანებს V6 გულებს ჩაუდგამენ, ლიტრაჟს კი 2.4-დან 2.6-მდე შეუმცირებენ. ბერნი შიშობს, რომ „სხვანაირი ხმა“ ფ1-ს ძალიან აზარალებს. ის ძლივს დაითანხმეს ძრავების ლიტრაჟის და ცილინდრების რიცხვის შემცირებაზე. ახლა კი ეს ელექტროძრავები...
ახალ რეგლამენტში, რომელიც 2014 წლის სეზონიდან უნდა ამოქმედდეს, ასევე აღნიშნულია, რომ ორჯერ გაიზრდება კერს-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) სიმძლავრე. სწორედ ამ სისტემის ნაწილია ელექტროძრავი, რომელსაც პიტლეინზე მანქანის მთავარი ამძრავის მოვალეობაც დაეკისრება - სისტემის გაზრდილი სიმძლავრე ამის საშუალებას მისცემს.
ბერნი კი ამბობს, რომ ეს სიახლე ფ1-ს ძლიერ შეულახავს იმიჯს და პიტლეინზე უსაფრთხოებასაც დააზარალებს. მისი თქმით, პიტლეინზე ელექტროძრავით ბოლიდების გრიალს შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს - ამ დროს, მანქანა უხმაუროდ იმოძრავებს და პიტლეინზე მის მოულოდნელად გამოჩენას, შეიძლება გუნდების პერსონალი მოუმზადებელი დახვდეს...
„ფორმულა ერთი ის ადგილი არაა, სადაც ელექტროძრავი შეიძლება გამოიყენო. ეს იგივეა, ბალეტის მოცეკვავეს რომ სპორტული ფეხსაცმლით ცეკვა დააძალო. ეს უფრო კომფორტულია, მაგრამ მოუხერხებელი. გამორიცხულია, რომ პიტლრინზე ელექტრული ძრავებით იარონ. ასე ხალხი დაიხოცება, რადგან ისინი ჩუმად მოახლოებული მანქანების ხმას ვერ გაიგებენ“, - „დეილი ექსპრესთან“ საუბრისას განაცხადა ბერნიმ.

No comments:

Post a Comment