Sunday, September 4, 2011

კონცეპტუალური ”ევოს” – ”ფორდის” დიზაინის ახალი ენა

Ford Evos Concept Reveals Brand’s New Design Language
4 სექტემბერი
”ფორდი” მალე კორპორატიულ სტილს შეიცვლის. ამას თვითონ კომპანია ოფიციალურად ფრანკფურტის მოტორ შოუზე განაცხადებს და ამის დასტურად, იქ კონცეპტუალურ მოდელ ”ევოს-ს” წარადგენს. კომპანიის განცხადებით, ეს იქნება ”პირველი სრულიად ახალი გლობალური დიზაინის ენა”. საქმეში ჩახედული მკითხველი ალბათ კითხვას დასვამს, თუ ეს პირველი გლობალური სტილია, მაშ ”ნიუ ეჯ” და ”კინეტიკ დიზაინი” რაღა იყოო. მართალიც იქნება, მაგრამ რადგან თვითონ მწარმოებელი ასე გვეუბნება, დავუჯეროთ. მთავარია, რომ ახალი სტილი ძალიან მიმზიდველად და დინამიურად გამოიყურება.

ამერიკული ავტომწარმოებლის განცხადებით, ”ევოს-ის” სტილი მის ავტომობილებზე 2012 წლიდან გავრცელდბა. ცისფერი ოვალის მთავარ დიზაინერ ჯეი მეისის თქმით, ახალი დიზაინით პირველ სერიულ ავტომობილს დეტროიტის ავტო შოუზე ვიხილავთ. მისი განცხადებით, ახალი სტილის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი, მისი რადიატორის ბადეა, რომელსაც დეფორმირებული ექვსკუთხედის ფორმა აქვს. სხვათა შორის, მსგავსი რადიატორი უკვე აქვს ”ფოკუს ST-ს” და ელექტრულ ”ფოკუსს”.
კონცეპტუალურ ”ევოსს” ფასტბეკის ტიპის ძარა (ჰეჩბეკი ძლიერ დაქანებული კუდით) აქვს, რაც მის დინამიურობაზე მიგვანიშნებს. მეისი ამბობს, რომ მან და მისმა ჯგუფმა, კონცეპცია ”კინეტიკური დიზაინი” კიდევ უფრო დახვეწა და გაამარტივა და მასში ”ფორდის ახალი სახე” ჩააქსოვა, რომელიც პირველად ”ფოკუს ST-სა” და ელექტრულ ”ფოკუსზე” გამოიყენეს.
კონცეპციაში ორიგინალურადაა შესრულებული ავტომობილის ოთხი კარი და მათი გაღების მექანიზმი. ერთი შეხედვით, ”ევოსი” ორკარიანი ავტომობილია, მაგრამ მის უკანა ნაწილში კიდევ ორი კარი ”იმალება”. ოთხივე კარი ”თოლიას ფრთის” სტილში იღება. ამასთან, წინებს საყრდენი წინა საქარე მინის წინ აქვს, უკანებს კი - უკან. და არანაკლებ საინტერესო გადაწყვეტა - უკანა კარი ფრთასთანაა გაერთიანებული და როცა იღება, ფრთაც მას მიჰყვება. რა თქმა უნდა, კარების ასეთი კონსტრუქცია მხოლოდ კონცეპტუალური ავტომობილისთვისაა და მას კონვეიერზე არავინ გადაიტანს.
”ევოსის” გაბარიტებია: სიგრძე 4.5 მეტრი (ისევე როგორც ფოკუსისა), სიგანე 1.97 მეტრი (მონდეოზე ოდნავ მეტი), სიმაღლე 1.36 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა კი - 2.74 მეტრი. მეისი ამბობს, რომ კონცეპტუალური ავტომობილის სტილის ყველა ელემენტი სერიულ ავტომობილებზეც გადაინაცვლებს. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აირჩიეს კონცეპციისთვის კუპეს ტიპი და არა სხვა რომელიმე, ”ფორდის” ევროპული შტოს მთავარმა დიზაინერმა მარტინ სმიტმა განაცხადა, რომ ეს ”სიახლის ჩვენების ყველაზე მოსახერხებელი და ორაზროვანი საშუალებაა”. თუმცა, რას გულისხმობს ამაში, თავადაც ორაზროვან და ბუნდოვან განმარტებას იძლევა.
ავტომობილი ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც ბენზინის და ელექტრული ძრავები შედის. ჯერჯერობით, ამ დანადგარის ტექნიკური მახასიათებლები არ გამოქვეყნებულა, თუმცა როდესაც კონცეპციის დანიშნულება ახალი სტილის ჩვენებაა, მისი აგრეგატები ნაკლებ ინტერესს იწვევს.
სამაგიეროდ, ”ევოსი” აღჭურვილია კომპლექსური სისტემა, რომელიც საგზაო პირობების შესაბამისად მომართავს როგორც საკიდარს, მუხრუჭებს და საჭის მექანიზმს, ასევე აგრეგატებსაც. ამასთან, სისტემა ავტომობილის პატრონის მართვის სტილს იმახსოვრებს და მთელი ელექტრონიკის მუშაობას სწორედ ამ სტილს შეუსაბამებს.

No comments:

Post a Comment