Wednesday, September 7, 2011

”იაგუარ C-X16” - ჰიბრიდული დიდი კატა

Jaguar C-X16 Concept Unveiled Ahead of Frankfurt Debut
7 სექტემბერი
”ოპელისა” არ იყოს, ”იაგუარსაც” ფრანკფურტისთვის საპრემიეროდ მომზადებული კონცეპტუალურუ ავტომობილის (სახელად C-X16) ერთადერთი ტიზერი და მწირი ინფორმაცია ჰქონდა გამოქვეყნებული. თუმცა, ის ფრანკფურტის შოუს გახსნამდე (13 სექტემბერს) მაინც გაგვაცნო. უკვე გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს ავტომობილი წარმოებისთვისაა მომზადებული და ის კონკურენციას ”პორშე 911-ს” გაუწევს.

ინგლისური კომპანია C-X16-ს, ”ნამდვილი მძღოლების სპორტულ ავტომობილს” უწოდებს. ეს არის ორადგილიანი ავტომობილი, რომელიც ”იაგუარის” მიერ 1954 წლის შემდეგ (მოდლი XK120) გამოშვებულ ავტომობილებს შორის ყველაზე პატარაა. ის მომავალი თაობის XK-ს ალუმინის შასის დამოკლებულ ვერსიაზეა აგებული. მისი გაბარიტებია: სიგრძე 4 445 მილიმეტრი, სიგანე 2 048 მილიმეტრი, სიმაღლე 1 297 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა - 2622 მილიმეტრი.

წაგრძელებული კაპოტის ქვეშ მოთავსებულია ჰიბრიდული აგრეგატი, რომელიც 3.0-ლიტრიან მექანიკურ დამჭირხნიან ბენზინის ძრავსა (380 ცხენის ძალა და 450 ნიუტონმეტრი) და ელექტრული ძრავა გენრატორს აერთიანებს. შიდაწვის ძრავთან 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუ ძალას, უკანა ბორბლებს გადასცემს.
ელექტროძრავს ენერგიით აკუმულატორის ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც სულ რაღაც 1.6 კილოვატსაათია და რომელიც სავარძლების უკანაა მოთავსებული. აკუმულატორს ელექტრული ძრავი/გენერატორი მუხტავს. იმავდროულად, ეს ძრავი ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრესა და მაბრუნ მომენტს, შესაბამისად, 95 ცხენის ძალით და 235 ნიუტონმეტრით ზრდის.
კერს-ის (ამ სისტემაშია ინტეგრირებული ელექტრო ძრავი/გენერატორი) ამოქმედება საჭეზე დატანილი ისეთივე ღილაკითაა შესაძლებელი, როგორებსაც ფორმულა 1-ის ბოლიდებზე იყენებენ. ამ ღილაკზე დაწოლისთანავე, კერს-ი ავტომობილს დამატებითი ძალით უზრუნველყოფს და მის დამტებით აჩქარებას იწვევს.
”იაგუარის” განცხადებით, კონცეპტუალური C-X16 1 600 კილოგრამს იწონის და ეს წონა წინა და უკანა ღერძებს შორის, თანაბრადაა განაწილებული. ესოდენ სოლიდური წონის მიუხედავად, ავტომობილს ნულიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.4 წამში შეუძლია, 80-დან 120 კმ/სთ სიჩქარეს 2.1 წამში აღწევს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 299 კმ/სთ-ია.
ბრიტანული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში აღნიშნულია, რომ ავტომობილს 80 კმ/სთ სიჩქარემდე მოძრაობა მხოლოდ ელექტროძრავით შეუძლია, შერეული ციკლით გადაადგილებისას კი, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 165 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
რაც შეეხება C-X16-ის სტილს, ის იან კალუმის შემოქმედებაა. მისი შეხედვისას, უპირველესად პარიზის შარშანდელ ავტო შოუზე წარმოდგენილი კონცეპტუალური C-X75 გაგახსენდებათ, თუმცა წინა ნაწილით, ის ალბათ XK-საც მოგაგონებთ. კალუმი ამბობს, რომ ეს ავტომობილი წინ მოდელების ევოლუციაა და ამ ახალი დიზაინით, კომპანია მივიწყებულ ძველ საფუძვლებს უბრუნდება, რომლებიც აქცენტის სპორტული ავტომობილების წარმოებისკენ გადატანას მოასწავებს.


დანარჩენს ფრანკფურტში ვნახავთ...


No comments:

Post a Comment