Sunday, October 23, 2011

მარკო სიმონჩელი მალაიზიაში რბოლისას დაიღუპა (ვიდეო)

Simoncelli dies after Sepang crash
23 ოქტომბერი
მოტო გრანპრის მალაიზიის ეტაპის მეორე წრეზე მომხდარი ავარია სასიკვდილო აღმოჩნდა 24 წლის იტალიელი მარკო სიმონჩელისთვის. იტალიელი მხედარი მოსახვევიდან გამოსვლისას დაეცა და მას დიდი სიჩქარით მოძრავი ამერიკელი კოლინ ედვარდსი და იტალიელი ვალენტინო როსი დაეჯახნენ.
ინციდნტის დროს, სიმონჩელის ჩაფხუტი მოსძვრა და ედვარდსის ”იამაჰა” მას თავზე დაეცა. ედვარდსიც წაიქცა, თუმცა სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. როსიმ კი თავისი ”დუკატი” ხიფათს დროზე მოაცილა და ტრასაზე დარჩა. რბოლა, რომელიც ბოლოსწინა იყო კალენდარში, უმალ შეწყდა და აღარც გაგრძელებულა.
”როგორც კი ჩანაწერი ვნახე, საშინელი გრძნობა დამეუფლა. მომძვრალმა ჩაფხუტმა კი დამარწმუნა, რომ საქმე ცუდად იყო”, - განაცხადა ავსტრალიელმა კეისი სტოუნერმა, ვინც მეორე ტიტული ერთი კვირით ადრე, ავსტრალიის დიდ პრიზზე გაინაღდა.
მოტო გრანპრის სამედიცინო შტოს დირექტორმა მიქელე მაკიაგოდენამ განცხადა, რომ ექიმებს სიმონჩელი უგონოდ დახვდათ. მისი თქმით, ”ჰონდას” მხედარმა თავის, კისრის და მკერდის არეში უმძიმესი ტრავმები მიიღო. ტრასის ამბულატორიაში გადაყვანილ სიმონჩელის გული გაუჩერდა და იქიდან ის კუალა ლუმპურის ჰოსპიტალში გადააფრინეს.
რაც შეეხება ედვარდსს, მას მხრის ამოვარდნილობა ჰქონდა და ანესთეზიის ქვეშ, მხარი გაუსწორეს. საერთო ჯამში, მისი ტრავმა მსუბუქად შეფასდა.
2003 წლის შემდეგ, ეს მოტო გრანპრის მსოფლიო ჩემპიონატში მეორე ფატალური შემთხვევაა. 8 წლის წინ, იაპონიის დიდი პრიზის დროს, ”ჰონდას” იაპონელი დაიძირო კატო დაიღუპა. ორივე მრბოლი ”გრეზინის” გუნდში ასპარეზობდა. იტალიურ გუნდს შარშან კიდევ ერთი მხედარი - იაპონელი შოია ტომიძავა დაეღუპა, თუმცა ის მოტო2-ის (მოტო გრანპრის ქვედა კლასი) რბოლებში ასპარეზობდა.
სიმონჩელი კლას 250-ში მსოფლიოს ჩემპიონი 2008 წელს გახდა. მომდევნო სეზონში, ტიტულის დაცვა სცადა, თუმცა სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმის გამო, მდვრის როლში ყოფნამ მოუწია და საბოლოოდ, იაპონელ ჰიროში აოიამას მცირედთ ჩამორჩა. სხვათა შორის, ”გრეზინიში” ისინი თანაგუნდელები იყვნენ. სიმონჩელი მოტო გრანპრიში შარშან გადავიდა. ამ სეზონში, მან კატალონიასა და ასენში პოულ პოზიცია მოიპოვა, კვარცხლბეკზე კი პირველად ბრნოში ავიდა. მისი საუკეთესო შედეგი მეორე ადგილი იყო, რომელიც ერთი კვირის წინ, ავსტრალიაში მოიპოვა.



No comments:

Post a Comment