Tuesday, November 15, 2011

„ჰიუნდაიმ“ „ჯენეზის კუპე“ ოფიციალურად წარმოადგინა

2013 Hyundai Genesis Coupe gets New 3.8L V6 with 350PS
15 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ სამხრეთ კორეაში, ავტოდრომ იონგამზე, კორეის სიჩქარის ფესტივალზე, თავის სპორტულ მოდელ „ჯენეზის კუპეს“ განახლებული ვერსიის საშინაო პრეზენტაცია ჩაატარა. ეს ავტომობილი ბაზარზე მერმისს გამოვა, თუმცა ის უკვე იქცევს მასმედიის ყურადღებას, რადგან კორეულმა კომპანიამ მისი რიზერების არაოფიციალური გავრცელება სამიოდ კვირის წინ დაიწყო.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სერია „ლამბდას“ 3.8–ლიტრიანი MPi ძრავი, ამავე სერიის და მოცულობის, GDi V6 აგრეგატმა შეცვალა, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება და რომელიც 350 ცხენის ძალას და 408 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს.
ამგვარად, კორეული სპორტული ავტომობილი უფრო მძლავრი გახდა, ვიდრე ამერიკული ეგრეთ წოდებული პონი ქარებია – „დოჯ ჩელენჯერი“ (305 ცხ.ძ, V6), „ფორდ მუსტანგი“ (305 ცხ.ძ, V6) და „შევროლე კამარო“ (323 ცხ.ძ). ეს სწორედ „ჯენეზის კუპეს“ კონკურენტი ავტომობილებია. „ჰიუნდაი“ გვამცნობს, რომ ახალ ავტომობილს ძრავის ხმაც უფრო რაფინირებული აქვს, რისთვისაც მასზე საუნდ გენერატორი დააყენეს.
მოდერნიზაცია ასევე ჩაუტარდა საბაზო, 2.0–ლიტრიან ტურბოძრავს, რომელიც კუპეს „სონტა ტურბოსგან“ გადაუნერგეს. ესაა სერია „თეტას“ 2.0–ლიტრიანი ოთხცილინდრიანი TCi, რომელსაც უფრო დიდი ზომის შუალედური გამაგრილებელი და ორსაფეხურიანი ტურბოკომპრესორი ემსახურება. შედეგად, ძრავის სიმძლავრემ 275 ცხენის ძალას, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი 380 ნიუტონმეტრს მიაღწია.
ორივე ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია „ჰიუნდაისვე“ წარმოების 6–საფეხურიანი მექანიკური კოლოფი. მყიდველის სურვილის შემთხვევაში კი, შესაძლებელი იქნება 8–საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიის დაყენება, რომელიც 6–საფეხურიან ავტომატს ცვლის.
მომცრო ძრავით აღჭურვილი „ჯენეზის კუპე“ ადგილიდან ასის აკრეფას 7.2 წამში ასწრებს, 100 კილომეტრის გასავლელად მას 9.1 ლიტრი ბენზინი სჭირდება, ყოველ კილომეტრზე კი მის გამონაბოლქვში ნახშშირორჟანგის შემცველობა 212 გრამია. რაც შეეხება ფლაგმან ვერსიას, მისი სტანდარტული აჩქარების დრო 5.9 წამია, ხარჯი 10.4 ლიტრი, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი – 227 გრამი.

No comments:

Post a Comment