Thursday, November 17, 2011

ახალი „აზერა“ – „თხიერი სკულპტურის“ ლუქს განსახიერება

2012 Hyundai Azera goes Fluidic, gets direct injection power
17 ნოემბერი
„ჰიუნდაიმ“ მსოფლიო ბაზრის ათვისება იაფფასიანი ავტომობილებით დაიწყო (თანამედროვე, მეტად გაჯერებულ ბაზარზე, სხვანაირად შეუძლებელიც იქნებოდა), დროთა განმავლობაში კი ხარისხზე გადაიტანა და შემდეგ ლუქსის კლასსაც შესწვდა.
კორეული კომპანიის პირველი ლუქსი ბაზარზე 2006 წელს გამოჩნდა და ეს იყო სედანი „აზერა“. პრინციპში, იგივე ავტომობილს „გრანდერის“ სახელით ადრეც აწარმოებდნენ (2006 წლამდე სამი თაობა გამოდიოდა), მაგრამ ის პრემიუმ სეგმენტისგან შორს იყო. „აზერამ“ კი ყველაფერი შეცვალა და სანამ ბაზარზე „ჯენეზისი“ გამოვიდოდა, ის „ჰიუნდაის“ ფლაგმანის როლს ასრულებდა. გავიდა ხუთი წელი და „აზერას“ შეცვლის დროც დადგა. მისი დებიუტისთვის კი კორეელებმა ლოს ანჯელესის მოტორ შოუ შეარჩიეს.
ახალი „აზერა“ არის მეშვიდე მოდელი იმ პროგრამისა, რომელსაც „ჰიუნდაიში“ პირობითად 24/7 უწოდეს. ამ პროგრამით, კორეული კომპანია შეგვპირდა, რომ ყოველი 24 თვის განმავლობაში, ბაზარზე 7 ახალ ავტომობილს გამოუშვებს. მიმდინარე პროგრამის პერიოდში, „აზერამდე“ (მის არაამერიკულ ვერსია გრანდერის გაყიდვები ამ წლის დასაწყისში დაიწყო) ბაზარზე უკვე გამოვიდა „ტუსანი“, „სონატა“, „ეკუუსი“, „ელანტრა“, „აქცენტი“ და ბოლოს სრულიად ახალი კუპე „ველოსტერი“.
„ჰიუნდაის“ განმარტებით, „აზერა“ ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიცაა „ფორდ ტაურასი“, „ნისან მაქსიმა“, „ბიუიკ ლაქროსი“, „ტოიოტა ავალონი“ და „ლექსუს ES350“. კორეული კომპანიის სამოდელო გამაში, „აზერას“ ადგილი „სონატასა“ და „ჯენეზისს“ შორის უკავია.
სედანის სიგრძე 4910 მილიმეტრია, სიგანე 1860 მილიმეტრი, სიმაღლე 1470 მილიმეტრი და ბორბლებს შორის ბაზა – 2845. ამგვარად, მისი ბაზა წინამორბედისაზე 65 მილიმეტრითაა გაზრდილი. ბაზის გაზრდა, სალონის მოცულობის ზრდაზე აისახა. ამის შედეგი ისაა, რომ უკანა მგზავრების ფეხების ადგილის სიგრძემ 114 მილიმეტრს მიაღწია. რაც მთავარია, ის ახალ პლატფორმას ეყრდნობა, რომლის წინა საკიდარიც მაკფერსონის სისტემაა, უკან კი მრავალბერკეტიანი სისტემა დგას. ოთხივე ბორბალს „საქსის“ წარმოების ელექტრონულად მართვადი ამორტიზატორი ემსახურება. ამ ამორტიზატორების თავისებურება ისაა, რომ ის ავტომატურად არეგულირებს სამუშაო ამპლიტუდას.
საყურადღებოა, რომ „აზერას“ გარეგნობაც „ჰიუნდაის“ კორპორატიულ სტილში მოაქციეს, რომელიც „თხიერი სკულპტურის“ სახელითაა ცნობილი. ავტომობილი უფრო პატარა „სონატას“ ჰგავს, თუმცა მისგან განმასხვავებელი ნიშნებიც აქვს. ესაა უკანა მთლიანი შუქ–ფარი, რომელიც მთელ საბარგულს გასდევს და უკანა პროფილირებული ფრთები, რომლებიც იმდენად ორიგინალურია, რომ შესაძლოა, მომავალში სხვა მოდელებზეც ვიხილოთ,
ინტერიერი ლუქსის კლასის შესაბამისადაა გაწყობილი. ვიზუალურად აქ ბევრი არაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, თვალში საცემია ტყავით გაწყობილი დეტალები და სავარძლები. სალონში მყოფთა კომფორტს ემსახურება ორსაფეხურიანი ავტომატური კლიმატ კონტროლი, სატელეფონო სისტემა, რომელიც სიტყვიერ ბრძანებებს ასრულებს, სანავიგაციო სისტემა, რომელშიც უკანა ხედვის კამერაა ინტეგრირებული და სხვა სისტემები.
რაც შეეხება ძრავს, ესაა ბენზინის 3.3–ლიტრიანი V6 (სერია ლამბდა II), რომელსაც საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა ემსახურება. ძრავი 293 ცხენის ძალას და 346 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. აღსანიშნავია, რომ ამ აგრეგატის გაზგამანაწილებელ სისტემას შეშვების და გამოშვების ცვალებადი ფაზები აქვს, გაზრდლია კუმშვის ხარისხი (10.4:1–დან 11.5:1–მდე). მოდერნიზაცია ჩაუტარდა 6–საფეხურიან ავტომატურ კოლოფს, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს წინა წამყვან ბორბლებს აწვდის. ამ კოლოფს მართვის ახალი პროგრამა აქვს და ის შემცირებული ხახუნით გამოირჩევა. ახალ „აზერას“ ქალაქში მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად დაახლოებით 10 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის.
„ჰიუნდაი“ ახალი „აზერას“ გაყიდვას თებერვალში დაიწყებს.

No comments:

Post a Comment