Thursday, November 17, 2011

„პორშე პანამერა GTS“ – სრულამძრავიანი, 430 ცხენის ძალით

New Porsche Panamera GTS with AWD and 430HP
17 ნოემბერი
ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, „პორშეს“ სედან „პანამერას“ ვერსია DTS–ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ეს ავტომობილი სხვა „პანმერებისგან“ სრულამძრავიანი ტრანსმისიით, გაძიერებული ძრავით, უფრო ეფექტური მუხრუჭებით და გაუმჯობესებული შასით, ასევე დიზაინით განსხვავდება.
ავტომობილს მამოძრავებელ ძალას ატმოსფერული 4.8–ლიტრიანი V8 ძრავი ანიჭებს, რომლის სიმძლავრეც 30 ცხენის ძალით, 430 ცხენის ძალამდე გაიზარდა, მაქსიმალურმა მაბრუნმა მომენტმა კი 520 ნიუტონმეტრს მიაღწია. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7–საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. ამ აღჭურვილობით, „პანამერა GTS“ ადგილიდან ასის აკრეფას 5 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 286 კმ/სთ–ია.
ავტომობილის მართვადობის გასაუმჯობესებლად, მისი კლირენსი დაადაბლეს. გარდა ამისა, დაკიდების სისტემა მართვის აქტიური სისტემით აღიჭურვა. როცა ეს სისტემა რეჟიმ „ნორმალში“ მუშაობს, მანქანა 10 მილიმეტრით დაბლაა დაწეული, ვიდრე ნებისმიერ სხვა „პანამერაზე“.
გარდა ამისა, უკანა ბორბლებსა და მათს სამაგრებს შორის, 5–მილიმეტრიანი ფირფიტა ჩააყოლეს, რისი წყალობითაც, 10 მილიმეტრით გაიზარდა უკანა ბორბლების კვალი. ავტომობილი 19–დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზეც 255/45 (წინ) და 285/40 (უკან) საბურავებია ჩაცმული. მყიდველს ოპციის სახით ასევე 20–დუიმიან ბორბლებსაც შესთავაზებენ, რომლებსაც 255/40 (წინ) და 295/35 (უკან) ზომის საბურავებით შემოსავენ.
ავტომობილი ასევე აღჭურვილია „პორშეს“ წარმოების აკუსტიკური სისტემით, რომელიც გერმანული კომპანიის განმარტებით, „შემშვებ სარქველს და ჰაერის ფილტრს შორის წარმოქმნილ ვიბრაციებს აღიქვამს და გადამუშავების შემდეგ, მას ძრავის ხმის სახით, წინა საყრდენში არსებული მემბრანის დახმარებით გამოსცემს“.
რაც შეეხება გარეგნობას, ამ მხრივ თვალში საცემია შეცვლილი წინა ბამპერი, რომლის ქვეშაც, ჰაერის უფრო ზორბა ამღებები განლაგდა. ასევე უკანა დიფუზორი, რომელსაც როგორც ჩანს, მხოლოდ დეკორატიული დანიშნულება აქვს და წინა ფრთის უკანა ნაწილში მოთავსებული, განსხვავებული მოყვანილობის ჰაერის გამომშვები. სალონში კი ტყავი ბატონობს, რომელსაც მყიდველის სხვადასხვა გემოვნების დასაკმაყოფილებლად, ხუთი განსხვავებული ფერი აქვს.

No comments:

Post a Comment