Friday, November 4, 2011

”ფორდმა” ელექტრულ ”ფოკუსზე” შეკვეთების მიღება დაიწყო

Ford begins taking orders for 2012 Focus Electric
4 ნოემბერი
”ფორდმა” თავის ელექტრულ ”ფოკუსზე” შეკვეთების მიღება კალიფორნიაში, ნიუ იორკსა და ნიუ ჯერსიში დაიწყო. ავტომობილის საბაზო ღირებულება 32 475 დოლარია, რაც თითქმის ორჯერ მეტია ჩვეულებრივი ”ფოკუსის” ფასზე. თუმცა, მყიდველები აშშ-ის მიერ ეკოლოგიურ ავტომობილებზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებენ, რაც მათ 7 500 დოლარს დაუზოგავს. ამასთან, ელექტრომობილის ექსპლუატაცია გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე შიდაწვისძრავიანი ავტომობილისა.

ამჟამად, ამერიკის ბაზარზე ორი ელექტრომობილი - ”შევროლე ვოლტი” და ”ნისან ლიფი” იყიდება. შეღავათამდე, პირველის საბაზო ღირებულება 41 000 დოლარია, მეორისა კი - 36 050 დოლარი. ეს არის ”ფორდის” პირველი ელექტრომობილი, რასაც სამ წელიწადში კიდევ ოთხი მოჰყვება.
ელექტრომობილი მუდმივ-მაგნიტიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 130 ცხენის ძალას და 245 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავთან ერთსაფეხურიანი ტრანსმისიაა დაკავშირებული, ენერგიით კი მას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომლის ტევადობაც 23 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ აკუმულატორის სერთის სრული დამუხტვით, ავტომობილმა 160 კილომეტრი (ჯერჯერობით არაოფიციალური მონაცემია, რადგან ის ჯერ არ დაუდასტურებია EPA-ს კომისიას) გაიაროს. მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ/სთ-ს აღწევს.
ოფიციალურ რელიზში აღნიშნულია, რომ დასამუხტი სადგურის 240-ვოლტიანი შტეპსელიდან აკუმულატორის სრულ დამუხტვას სამ საათზე ოდნავ მეტი სჭირდება. გარდა ამისა, ავტომობილი დაკომპლექტებულია ნელი დამმუხტავით, რომელიც 120-ვოლტიან შტეპსელზე მუშაობს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, დამუხტვის დრო გაცილებით მეტია.
სხვათა შორის, ”ნისან ლიფის” სვლის სიშორე 200 კილომეტრზე მეტია, ”შევროლე ვოლტისა” კი (მხოლოდ აკუმულატორების ხარჯზე) - მხოლოდ 65 კილომეტრი. თუმცა, ამ ავტომობილს დამხმარედ შიდაწვისძრავი აქვს, რომელიც გენერატორთან ერთად, სვლის სიშორეს 500 კილომეტრამდე ზრდის. ”ვოლტისგან” განსხვავებით, ”ფოკუსი” და ”ლიფი” ენერგიას მხოლოდ აკუმულატორისგან ღებულობენ.
ელექტრული ”ფოკუსი” ელექტრონულ სისტემა ”მაიტაჩითაა” აღჭურვილი, რომლის მონიტორზეც მუდმივად შეიძლება აკუმულატორში დარჩენილი ენერგიის კონტროლი. კომპანიის განცხადებით, ეს სისტემა მძღოლის ერთგვარი მრჩევლის როლს ასრულებს. ამავე მონიტორზე შეიძლება იმის გაგებაც, თუ რამდნ კილომეტრს გაგატარებთ აკუმულატორში დარჩენილი ენერგია. ეგ კიდვ არაფერი - დროთა განმავლობაში, სისტემა შეისწავლის მძღოლის მართვის სტილს და ამას კალკულაციისას ზემოთ ნახსენები მონეცემების გათვლისას გაითვალისწინებს.
”ფორდი” ჯერ არ აკონკრეტებს, თუ წლიურად რამდენი ელექტრული ”ფოკუსის” წარმოებას აპირებს. კომპანიის პრესმდივანი ოქტავიო ნავარო ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, ცისფერი ოვალი შეკვეთებს ინტერნეტით მიიღებს. ამავე მიზეზით, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ელექტრული ”ფოკუსის” გაყიდვები მთელი ამერიკის მასშტაბით. ის დილერები კი, ვინც ელექტრული ”ფოკუსის” გაყიდვის სურვილს გამოთქვამს, ვალდებულნი იქნებიან, თავიანთ თავიანთ შოურუმებთან დასამუხტი სადგურები დაამონტაჟონ და საკუთარი პერსონალი შესაბამისად მოამზადონ.
შედარებისთვის, ”შევროლე ვოლტი” უკვე ყველა შტატში იყიდება, ”ჯენერალ მოტორსი” კი ზრუნავს იმაზე, რომ ყველა დილერს (ასეთი კი რამდენიმე ათასია) შოურუმში ერთი სადემონსტრაციო ”ვოლტი” ეყენოს.

No comments:

Post a Comment