Monday, November 7, 2011

”ოპელ ასტრა OPC” 280 ცხენის ძალით

Hot Opel Astra OPC / Vauxhall Astra VXR gets 280 Ponies
7 ნოემბერი
”ოპელმა” თავის ბესტსელერ ”ასტრას” ყველაზე მძლავრ ვერსია OPC-ს ფოტოები და მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ეს ავტმობილი ”ასტრას” GTC ვერსიაზეა ბაზირებული და მას ”ოპელის” ევროპელი დილერები მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებენ.
სტანდარტული ”ასტრასგან” მის OPC ვერსიას გარეგნულად სხვანაირი ფორმის ბამპერები, უკან ბორბლების დაბერილი თაღები, სახურავის უკან არსებული სპოილერი და გამოსაბოლქვის შეცვლილი მილები განსხვავებს. სალონში, ჩვეულებრივი სავარძლები სპორტულებით შეიცვალა, მაჩვენებლების დაფაც სხვანაირია, საჭე კი ტყავშემოკრულია.
”ასტრა OPC” 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც საწვავი ნარევის უშუალოდ წვის კამერაში მიწოდების სისტემა ემსახურება. ძრავი 280 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძრავის მიერ გამომუშავებული მბიძგველი ძალა, 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფის და გაზრდილი ხახუნის მქონე დიფერენციალის გავლით, წინა წამყვან ბორბლებს გადაეცემა.
გერმანული კომპანია ჯერჯერობით არ აქვეყნებს ამ ავტომობილის ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარების ტემპის დროს. სამაგიეროდ, გაგვიმხილა, რომ ყველაზე ტემპერამენტიანი ”ასტრას” მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-ია.
ავტომობილის შასის სრულყოფაში კომპანია ”ლოტუსის” სპეციალისტებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც ამ საქმეში, ”ფორდს” (ფოკუს RE-ზე მუშაობისას) და ”რენოსაც” (მეგან RS-ზე მუშაობისას) დაეხმარნენ. საკიდარის ზამბარები უფრო ხისტია, ვიდრე სტანდარტულ ”ასტრაზე”. ამასთან, ”ასტრა OPC” სისტემა ”ფლექსრაიდითაა” აღჭურვილი, რომელიც ავტომობილის სამ რეჟიმში მუშაობის საშუალებას იძლევა. ეს რეჟიმებია: ნორმალი, სპორტი და OPC. ამ სამიდან ყველაზე ტემპერამენტიანი OPC-ა.
შასის სრულყოფა ”ოპელის” დუდენჰოფენის პოლიგონზე და ნურბურგრინგის ჩრდილოეთის მარყუჟზე მიმდინარეობდა, გამომცდელთა შორის კი იყო ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი და ლე მანის 24-საათიანი რბოლის გამარჯვებული იოახიმ ვინკელჰოკი, რომლის თქმითაც, OPC ტექნიკურად კარგადაა აღჭურვილი და მას ყველაზე გამოცდილი მძღოლების მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.
გამოქვეყნბული მწირი მონაცემების მიხედვითაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ”ოპელ ასტრა OPC” სერიოზულ კონკურენციას გაუწევს ”ფოლკსვაგენის” ”გოლფ R-სა” და ”შიროკო R-ს”.

No comments:

Post a Comment