Friday, December 2, 2011

„ფერარიმ“ „599XX ევოლუციონე“ გააუმჯობესა

Ferrari unveils upgraded 599XX Evoluzione in Bologna
2 დეკემბერი
„ფერარი“ ყველანაირად ცდილობს, რომ თავისი მოდელების ექსკლუზიურობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ამჟამად მარანალოელებს საწარმოო პორტფელში მხოლოდ ოთხი მოდელი აქვთ, თავ–თავისი მოდიფიკაციებით. ყოველწლიურად ისინი ბაზარზე თითო ახალ მანქანას უშვებენ, შუალედბში კი მყიდველს არსებული მოდელების მოდფიკაციებით ახარებენ. და რა თქმა უნდა, მათაც ძალიან შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ.

ტრადიციულად, იტალიური კომპანიის აქტივობა ყველაზე მეტად ფორმულა ერთში იგრძნობა, მეორე კი ამ მხრივ, არის პროგრამა XX, ჩვენებურად რომ დავარქვათ, „მჯობნის მჯობნი“ (რომ დაილევა, ისეთი). ამ პროგრამით „ფერარი“ ელიტარული მყიდველის სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობს. და ამას შესანიშნავად ახერხებს კიდეც (სხვანაირად როგორ იქნება). ეს ის კლიენტურაა, რომელიც მზადაა, ექსკლუზიურობასა და რაც მთავარია ადრენალინის ისეთ წყაროში, რომლის წარმოებისასაც, ფ1–ის უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენება, ურიცხვი თანხა გადაიხადოს.
პირველად ამ პროგრამით FXX გამოუშვეს, ლეგენდარულ მოდელ „ენცოს“ სარბოლ–სამოქალაქო ვერსია. უფრო სწორედ, არც სარბოლი და არც სამოქალაქო, რადგან არცერთი შესაბამისი სერტიფიკატი მისთვის არ გაცემულა. ეს ეგრეთ წოდებული სატრეკო დღეების ბოლიდებია, რომლებზეც უძვირესი, სარბოლი ავტომობილის მახასიათებლებთან მიახლოებული ავტომობილებით, მათი მფლობელები დანავარდობენ.
FXX–ს მოჰყვა „FXX ევოლუციონე“, თუმცა ამ ორივე ავტომობილის წარმოების ლიმიტი მალევე ამოიწურა. „ენცოს“ წარმოებაც შეწყდა. და მარანელოელებმა პროგრამა XX მოდელ 599–ზე გადაამისამართეს. 599XX მყიდველს 1.3 მილიონი ევრო უჯდება, თუმცა ამის მიუხედავად, საწარმოო პაკეტი სრულად შეივსო. და ამის გამო, „ფერარიმ“ თავის ელიტურ მყიდველს, მისი ახალი მოდიფიკაცია – „599XX ევოლუციონე“ შესთავაზა. ამ მოდფიკაციის პაკეტის შეძენის მსურველებს, თუ ისინი 599XX–ს ფლობენ, დამატებით 185 000 ევროს გადახდა მოუწევთ. თან, ამ თანხით, ისინი კომპანიისგან, სატრეკო დღეების დროს სრულფასოვან მომსახურებასაც მიიღებენ.
გარეგნულად, „599XX ევოლუციონეს“ მისი წინამორბედისგან ახალი აეროდინამიკური პაკეტი განასხვავებს. ამ პაკეტში შედის წინა გიგანტური ჰაერმჭრელი (სპლიტერი) და არანაკლებ ზორბა გაბარიტების მქონე უკანა ფრთა, რომელიც ალბათ უზარმაზარ ავიალაინრსაც კი შეუშლის ხელს აფრენაში. თანაც, ეს უბრალო ფრთა არაა. მას მოძრავი, კაბინიდან რეგულირებადი სეგმენტი აქვს, დააცლოებით ისეთი, როგორსაც გასულ სეზონში, ფ1–ში იყენებდნენ. ეს ფრთა მაღალ სიჩქარეზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გადადის, რითაც მანქანის აეროდინამიკურ წინააღმდეგობას ამცირებს. მოსახვევებში კი პირიქით, მისი შეტევის კუთხე იზრდება და შესაბამისად, ბორბლების გზასთან ჩაჭიდებაც უმჯობესდება.
გაუმჯობესდა ძრავიც: ამიერიდან, 6.0–ლიტრიან V12–ს 30 ცხენის ძალა მოემატა (740 ცხ.ძ–მდე), რისი წყალობითაც, ავტომობილმა ფიორანოს ტრეკზე, რომელიც „ფერარის“ ეკუთვნის, წრე წუთსა და 15 წამში გაიარა, თითქმის წამით ნაკლებში, ვიდრე 599XX გადის. სხვათა შორის, საგზაო 599GTO ამავე ტრასის ერთ წრეს 9 წამით მეტს ანდომებს.
„599XX ევოლუციონეს“ პირველი ეგზემპლარი „ფერარიმ“ ბოლონიას ავტო შოუზე წარადგინა. სულ ამ ავტომობილს 29 ცალს დაამზადებს...

No comments:

Post a Comment