Friday, December 2, 2011

„ფერარიმ“ და „რედ ბულმა“ FOTA დატოვეს

Ferrari and Red Bull Racing withdraw from FOTA
2 დეკემბერი
„ფერარიმ“ და „რედ ბულმა“ გადაწყვიტეს, რომ ფორმულა ერთის გუნდების ასოციაცია (FOTA) დატოვონ. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ ასოციაციის წევრები, ფულადი და სხვა რესურსების შეზღუდვაზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. შესაბამისი განცხადება ამ გუნდებმა ბრაზილიის დიდი პრიზის დღეებში ჩატარებულ FOTA–ს სხდომაზე გამოაქვეყნეს.

FOTA ადასტურებს, რომ ორი გუნდისგან, ასოციაციის დატოვების განცხადება მიიღო, თუმცა მათი სახელები არ გამოუქვეყნებია.თავად გუნდები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. არაა გამორიცხული, რომ მალე მათ სხვა გუნდებიც შეუერთდნენ, რადგან ადრე რამდენიმე გუნდმა FOTA–ს გაუქმების სურვილი გამოთქვა.
განცხადების შეტანა ავტომატურად ასოციაციის დატოვებას არ მოასწავებს. FOTA–ს რეგლამენტით, მისი დატოვების მსურველს, ოფიციალური განცხადების დაწერიდან ორი თვე ეძლევა, რომ გადაიფიქროს და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ შედის ძალაში. ამგვარად, თუ არ გადაიფიქრებენ, „ფერარის“ და „რედ ბულს“ ასოციაციის წევრობა ახალი სეზონის დაწყებამდე ერთი თვით ადრე შეუწყდებათ.
„ფერარის“ შეფ სტეფანო დომენიკალის ჯერ კიდევ გასული სეზონის დასაწყისში აქვს ნათქვამი, რომ თუ FOTA რესურსების შეზღუდვების შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მის არსებობას აზრი საერთოდ დაეკარგება. „რედ ბულის“ შეფ ქრისტიან ჰორნერის თქმით, FOTA–მ გზაჯვარედინს მიაღწია და ახლა არჩევანი აქვს გასაკეთებელი. თუ წინ ვერ წავალთ, მაშინ უნდა გავჩერდეთო...
მართალია, „ფერარიმ“ და „რედ ბულმა“ ასოციაცია დატოვეს, მაგრამ რესურსების შეზღუდვის შეთანხმების შესამუშავებლად ისინი მუშაობას მაინც გააგრძელებენ. ამასთან, ეს ორი გუნდი, ასევე „მაკლარენი“ და „მერსედესი“ მალე შეხვედრას მოაწყობენ, რომელზეც პრობლემის მოგვარების გზებს განიხილავენ. თუ ისინი თანხმობას მიაღწევენ, მაშინ მათს მიერ ჩამოყალიბებულ რეგლამენტს სხვა გუნდებსაც გააცნობენ და მათტან ინდივიდუალური შეთანხმებით ეცდებიან მის საბოლოო დამტკიცებას.

No comments:

Post a Comment