Monday, November 19, 2012

ოსტინის რბოლა მოსალოდნელზე წარმატებული გამოდგა

Austin surpasses Formula 1's expectations
19 ნოემბერი
ფორმულა 1-ის შეფი ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ ამერიკის დიდი პრიზი გაცილებით წარმატებული გამოდგა, ვიდრე მას შეეძლო წარმოედგინა. როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, სამივე დღის განმავლობაში, რბოლებს სულ 250 000 მაყურებელი ჰყავდა.
რაც მთავარია, მაყურებლებსაც, პილოტებსაც, გუნდებსაც და მათს ხელმძღვანელებსაც, ის ძალიან მოეწონათ. არადა, შარშან ამ დროს, ეკლსტოუნი შიშობდა, რომ რბოლა ვერ ჩატარდებოდა, რადგან კარგა ხანს, ტრასის მშენებლობის დაფინანსების საკუთხი გადაუწყვეტელი რჩებოდა.
ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვაზე, რამდენად გაამართლა რბოლამ მისი მოლოდინი, ბერნიმ უპასუხა: „გაცილებით უკეთესი იყო... შარშან ამ დროს რბოლაც კი არ იყო დანიშნული. ყველაფერი კარგადაა. ყველა ბედნიერია. ოსტინში ყველა კმაყოფილია. ძალიან კარგია, როდესაც რამეს გააკეთებ და ეს კარგად მუშაობს.
ბერნის აზრით, ის ფაქტი, რომ ოსტინში ფ1-სადმი ასეთი ენთუზიაზმი გამოიჩინეს, სამომავლო ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა: „რა თქმა უნდა, მეორე სეზონი უფრო ძნელი იქნება, რადგან ყველას შესადარებლად ეს რბოლა ექნება. თან, ამდენი მაყურებლის ზედიზედ მეორედაც მოყვანა ძნელი იქნება. მაგრამ აქ დავინახეთ, რომ ხალხი კმაყოფილია. გუბერნატორი კი შეგვპირდა, რომ მომავალ რბოლაზე გაცილებით მეტი მაყურებელი მოვა“.
ოსტინის რბოლის დიდ წარმატებაზე ლაპარაკობს „რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერიც: „აქაურებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. ტრეკი ფანტასტიურია. პილოტებს ის მოეწონათ. რბოლაც კარგი გამოვიდა. ფანებმა ენთუზიაზმი გამოავლინეს. ქალაქიც შესანიშნავია. როგორც ჩანს, ფ1 ტექსასს კარგად მოერგო“.
კითხვაზე, რა არის საჭირო იმისათვის, რომ ასეთი ენთუზიაზმი სხვა რბოლებზეც ვიხილოთ, ჰორნერი პასუხობს: „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმსიათვის, რომ რბოლები საინტერესო იყოს. კარგი იქნება, თუ შტატებში მეორე რბოლაც ჩატარდება. ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა, მაგრამ ოსტინის რბოლით შეგვიძლია, ვიამაყოთ. ეს დიდებული შოუ იყო, რომელიც ალბათ ბევრს დაამახსოვრდება“.


ასევე წაიკითხეთ

დათა ქაჯაიას პირველი გამარჯვება ევროპაში!



No comments:

Post a Comment