Wednesday, May 2, 2012

„ბერტონე ნუჩო“ 2 მილიონ ევროდ იყიდება


Chinese Collector Interested in Buying Bertone's Nuccio Concept Car
2 მაისი
რატომ ასეთი ძვირი? იმიტომ, რომ ის ერთადერთია და განუმეორებელი. ანუ, მისი მსგავსი არავის არსად ეყოლება. ექსკლუზიურობა კი ყოველთვის ძვირად ფასობს!

ეს ისტორია ჟენევაში დაიწყო, სადაც ჩატარებულ დიდ საავტომობილო ფორუმზეც, „ბერტონემ“ კონცეპტუალური ავტომობილი „ნუჩო“ წარადგინა. ის იქ მხოლოდ მულიაჟი იყო, ყოველგვარი აგრეგატების გარეშე. მაგრამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ დიზაინ ატელიემ ამ ავტომობილის რეალური ვერსიის დამზადება გადაწყვიტა.
თუმცა, მარტო ექსკლუზიურობა აქ არაფერ შუაშია. საქმე ისაა, რომ ავტომობილის შემუშავებას, საინჟინრო დაგეგმარებას და აგებას 15 000 სამუშაო საათი დასჭირდა. ხარჯები ასევე მოიცავს საავტომობილო შოუზე გატანის და ლოჯისტიკის ფასებს.
გამოცემა „ავტომოტივ ნიუს იუროპთან“ საუბრისას, „ბერტონეს“ მთავარმა აღმასრულებელმა მარკო ფილიპამ განაცხადა, რომ „ნუჩოს“ შეძენით, ავტომობილების ჩინელი კოლექციონერია დაინტერესებული. მას არ დაუკონკრეტებია, „ნუჩო“ მაკეტიდან რეალურ ავტომობილად პოტენციური მყიდველის შეკვეთით გარდაიქმნა, თუ ეს „ბერტონეს“ თავიდანვე ჰქონდა დაგეგმილი. სამაგიეროდ, ფილიპა ამბობს, რომ „ნუჩოს“ პებლ ბიჩის (მონტერეი, კალიფორნია, აშშ) ელეგანტურობის კონკურსზეც გაიტანენ (აგვისტოში ჩატარდება), რის შემდეგაც, ის გაიყიდება. თუმცა, ასევე დასძენს, რომ ინკოგნიტო ჩინელთან მოლაპარაკება ჯერაც მიმდინარეობს.
პეკინის ავტო შოუსთვის დამზადებული „ნუჩო“ ჟენევური კონცეპტუალური ავტომობილისგან გარეგნობით ოდნავ განსხვავდება. მას აქვს წინა ფარები, შეიცვალა წინა ბამპერის და მის ქვეშ არსებული ჰაერის ამღების მოყვანილობა. ბამპერში არსებული შუქდიოდური ზოლი დავიწროვდა და ის ფარების ქვეშ მთავრდება (ადრე თითქმის საბორბლე თაღამდე აღწევდა). დაკიდევ, უკანა ხედვის სარკეების ზომები გაიზარდა.
პეკინის გამოფენაზე, წარდგენილი „ნუჩო“ აღჭურვილია 4.3-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც 480 ცხენის ძალას ავითარებს. ძრავთან კი 6-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისიაა დაკავშირებული, რომელიც მბიძგველი ძალით, უკანა ბორბლებს ამარაგებს. „ბერტონეს“ არ დაუკონკრეტებია აგრეგატების დონორი, თუმცა ძრავის მონაცემებით ადგილად გამოსაცნობია „ფერარი F430“.
შეგახსენებთ, „ნუჩო“ კომპანიის ასწლოვანი იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. მის შემუშავებას „ბერტონეს“ დიზაინის დირექტორი მაიკლ რობინსონი ხელმძღვანელობდა. მანქანას სახელი კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელმძღვანელისა და დიზაინერის, ნუჩო ბერტონეს საპატივცემულოდ ეწოდა. ნუჩო „ბერტონეს“ 1946-1997 წლებში ხელმძღვანელობდა.
სწორედ ნუჩო ბერტონე იყო ახალი სტილის ერთ-ერთი დამნერგავი, რომელმაც გასული საუკუნის 70-იან წლებში, საავტომობილო დიზაინის მოდა დახვეწა და მას ახალი მიმართულება მიანიჭა. სწორედ იმ პერიოდის კონცეპტუალური ავტომობილების შთაგონებით შეიქმნა „ნუჩო“, რომელმაც ჟენევაში საყოველთაო მოწონება დაიმსახურა.

No comments:

Post a Comment