Thursday, April 21, 2011

„ჰიუნდაი“ „ტოიოტა პრიუსის“ კონკურენტს გამოუშვებს

Hyundai to Introduce Toyota Prius Rival

21 აპრილი

ნიუ იორკის საერთაშორისო ავტო შოუს დროს გამართულ პრესკონფერენციაზე, „ჰიუნდაიმ“ დაადასტურა, რომ ბაზრისთვის ისეთ ახალ ავტომობილებს ამზადებს, რომლებიც ერთი გალონი საწვავით 40 მილს გადიან, ანუ, რომლებსაც 100 კილომეტრის გასავლელად, 5.8 ლიტრი საწვავი ჰყოფნის.

ასეთი ავტომობილები ბაზარზე უახლოეს წლებში გამოვა, მათგან ერთ-ერთი პირველი კი ჰიბრიდული ავტომობილი იქნება, რომლითაც კორეული კომპანია, კონკურენციას „ტოიოტა პრიუსს“ გაუწევს. ასეთი ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია „ჰიუნდაიმ“ ორი წლის წინ, სეულის ავტო შოუზე გვიჩვენა.

ესაა ხუთადგილიანი, ხუთკარიანი ჰეჩბეკი „ბლიუ უილ“ (ფოტოზე), რომელიც აღჭურვილია 1.6-ლიტრიანი შიდაწვის (ბენზინის) ძრავით და ელექტროძრავით, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 134 ცხენის ძალას აღწევს. ის ენერგიას ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან ღებულობს, შიდაწვის ძრავთან კი მუდმივი მოდების ვარიატორთანაა დაკავშირებული.

ნიუ იორკში „ჰიუნდაის“ არ დაუზუსტებია, ბაზარზე ეს ავტომობილი რა სახელით გამოვა და იმავე აგრეგატებით იქნება აღჭურვილი, რითაც კონცეპტუალური ვერსია, თუ არა. არაა გამორიცხული, რომ სერიული ჰიბრიდი სრულიად სხვა ავტომობილი იყოს. ყოველ შემთხვევაში, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 5.8 ლიტრზე მეტი საწვავი არ დასჭირდება.

სამაგიეროდ, ნიუ იორკშივე, „ჰიუნდაის“ ერთმა აღმასრულებელმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, საინტერნეტო გამოცემა „ინსაიდ ლაინთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ასევე მზადდება მეორე ავტომობილი, რომელიც შიდაწვის ძრავით აღიჭურვება და რომელსაც „აგრესიული“ ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლები ექნება.

„ამ ეტაპზე, ავტომობილების მთავარი აგრეგატი შიდაწვის ძრავია და ამიტომ, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ ტიპის აგრეგატების სრულყოფას, რათა ბაზრის მოთხოვნებს არ ჩამოვრჩეთ“, - ამბობს კორეული კომპანიის ინკოგნიტო აღმასრულებელი. მისივე თქმით, „ჰიუნდაი“ გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ 202500 წელს მისი ავტომობილების საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე 4.7 ლიტრი უნდა იყოს.

დრეისათვის, „ჰიუნდაი“ ოთხ ისეთ ავტომობილს უშვებს, რომლებიც 100 კილომეტრს 5.8 ლიტრი, ან უფრო მცირე საწვავით გადიან. ესენია ჰიბრიდული „სონატა“, ახალი „ელანტრა“ და „აქცენტი“, ასევე სპორტული „ველოსტერი“, რომელიც ბაზარზე ახლახანს გამოჩნდა და მალე საქართველოშიც შემოვა.

No comments:

Post a Comment