Wednesday, May 4, 2011

პირველი დეტალები „პორშეს“ ახალ ფლაგმანზე

First details of Porsche's next 911-based flagship, the 961

4 მაისი

„პორშე“ თავისი ახალი ფლაგმანის შემუშავებას შეუდგა. გერმანული მედიის ინფორმაციით, ახალი სუპერ ავტომობილი ჰიბრიდულ კონცეპტუალურ მოდელ „918 სპაიდერის“ მოტივებზე შეიქმნება და ის რვაცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება.

ახალი ავტომობილისთვის, ცუფენჰაუზენელებს სახელად 961 აქვთ შერჩეული, რომელსაც ისინი 1986 წლიდან, თავიანთი სარბოლი ავტომობილისთვის იყენებდნენ, რომლითაც ლე მანის 24-საათიან რბოლაში მიიღეს მონაწილეობა.

სხვათა შორის, ძველი 961 „პორშემ“ თავდაპირველად, რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნა, თუმცა პორტუგალიის რალის დროს მომხდარი სამი ავარიის გამო, მაშინ B ჯგუფის მანქანებით (რალის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მანქანები) მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა აიკრძალა. ამიტომ, „პორშემ“ შემუშავებული ტექნოლოგია ლე მანზე საასპარეზოდ გამოიყენა.

ახალი 961, პირველ რიგში, სამოქალაქო დანიშნულებისთვის იქმნება, თუმცა მომავალში მას ალბათ სარბოლ ტრასებზეც ვიხილავთ. ჯერჯერობით უცნბია V8 ძრავის მახასიათებლები, რადგან ის შემუშავების სტადიაშია. სამაგიეროდ, არის ვარაუდი იმისა, რომ მწარმოებელი მყიდველს ოპციის სახით, ჰიბრიდულ ძალურ დანადგარსაც შესთავაზებს. ამ შემთხვევაში, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 600 ცხენის ძალას მიაღწევს.

სხვათა შორის, „პორშე“ ჰიბრიდული „918 სპაიდერის“ (ფოტოზე) წარმოებასაც აპირებს, ოღონდ ის შეზღუდული რაოდენობით, მხოლოდ 918 ცალი დამზადდება. მის ჰიბრიდულ სისტემაში 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი (სიმძლავრე 500 ცხენის ძალა) და ორი ელექტროძრავია (თითო ღერძზე თითო) გაერთიანებული. ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 218 ცხენის ძალას აღწევს. შიდაწვის ძრავთან, ორდისკოიანი ქუროს საშუალებით, სეკვენტალური კოლოფია შეწყვილებული, ელექტროძრავები კი ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ, რომელსაც სითხით გაგრილების სისტემა ემსახურება.

ევროპაში ასეთი ჰიბრიდული სუპერ ავტომობილის ფასი 645 000 ევრო იქნება, მოდელი 961 კი დაახლოებით 200 000 ევრო ეღირება.

No comments:

Post a Comment