Wednesday, May 4, 2011

„ოპელი“ კუპე „კალიბრას“ გამოშვებას განაახლებს

Opel Calibra

4 მაისი

ოპელ ფლექსტრიმ GTE
..............................

„ოპელის“ ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, გერმანული კომპანია მალე ისევ გამოუშვებს ერთ დროს პოპულარულ კუპე „კალიბრას“. ეს ინფორმაცია ინტერნეტ ბლოგერებმა გაავრცელეს, რომლებსაც ხელში „ოპელის“ შესაბამისი დოკუმენტაცია ჩაუვარდათ.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ახალი „კალიბრა“ მოდელ „ინსიგნიას“ პლატფორმას დაეყრდნობა და მისსავე აგრეგატებით აღიჭურვება. კუპეს გარეგნობა კი ორი კონცეპტუალური ავტომობილის - GTC-ს და „ფლექსტრიმ GT-ს“ დიზაინის ერთგვარი კომბინაცია იქნება. სხვათა შორის, ტავის დროზე, GTC-ს დიზაინის ელემენტები „ოპელმა“ „ინსიგნიაზეც“ გამოიყენა.

ოპელ GTC

..............................

რამდენადაც „ინსიგნიას“ პლატფორმაზე აიგება, ახალ „კალიბრას“ წინა წამყვანი ბორბლები ექნება. ამასთან, მისი ტოპ ვერსია სრულამძრავიანი ტრანსმისიით (ინსიგნია OPC-სგან) აღიჭურვება. ტოპ ვერსია 2.8-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 325 ცხენის ძალას მიაღწევს. ამ აგრეგატსაც მას „ინსიგნია OPC“ გაუზიარებს.

მოსალოდნელია, რომ ახალი „კალიბრა“ ზოგიერთი იმ აეროდინამიკური ელემენტით აღიჭურვოს, რომლებიც რიუსელსჰაიმელებმა შარშანდელ კონცეპტუალურ „ფლექსტრიმზე“ გამოიყენეს. ეს ავტომობილიც, გაბარიტებით ახლოსაა „ინსიგნიასთან“ და ის „ოპელის“ მოძრავ ლაბორატორიას წარმოადგენს.

მისი მზიდი ნაწილი ალუმინის შენადნობებისგანაა დამზადებული, ძარა კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან, შუშები კი პოლიკარბონატისგან. ამის წყალობით, „ფლექსტრიმი“ სედან „ინსიგნიაზე“ დაახლოებით 40 პროცენტით მსუბუქი გამოვიდა. გარდა ამისა, ავტომობილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი, რომელთა წყალობითაც, მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.22-ია. დაკიდევ, „ფლექსტრიმი“ პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, დაახლოებით ისეთით, როგორსაც „ოპელი“ სერიულ „ამპერაზე“ იყენებს.

ახალ „კალიბრას“ „ოპელი“ თავის რიუსელსჰაიმის ქარხანაში გამოუშვებს. წლიურად სულ რაღაც 14 000 კუპე დამზადდება. ცნობისათვის, პირველი „კალიბრა“ ბაზარზე რვა წლის განმავლობაში დარჩა და ამ დროში, 240 000 ცალი გაიყიდა. სავარაუდოდ, ახალი „კალიბრას“ გაყიდვები 2013 წელს დაიწყება.

No comments:

Post a Comment