Tuesday, January 10, 2012

„ფოლკსვაგენმა“ „ტოიოტას“ გადაასწრო

VW reports 2011 sales above 8 million; passes Toyota
10 იანვარი
„ფოლკსვაგენმა“ გასული წლის გაყიდვები შეაჯამა, რომელმაც აჩვენა, რომ გერმანული კომპანიის ჯგუფმა, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, 8–მილიონიანი ბარიერი გადალახა. ამგვარად, მან უკან მოიტოვა „ტოიოტა“ და მჭიდროდ მიუახლოვდა „ჯენერალ მოტორსს“, რომელიც მსოფლიო ლიდერობას ინარჩუნებს.

სულ შარშან „ფოლკსვაგენის“ გაყიდვებმა 8.16 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 14.3 პროცენტით მეტია. ევროპის უდიდესი ავტომწარმოებლის გაყიდვების ასეთ ზრდას ხელ ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის ბაზრებზე მოთხოვნის ზრდამ შეუწყო. ამასთან, რეკორდული გაყიდვები ჰქონდათ საკუთრივ „ფოლკსვაგენს“, „აუდის“ და „შკოდას“.
ცნობილია, რომ „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის მიზანს, 2018 წლისთვის გაყიდვების 10 მილიონამდე გაზრდა და მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდებაა. ამასთან, მიღწეულის მიუხედავად, გერმანული კომპანიის მთავარი აღმასრულებელი მარტინ ვინტერკორნი აცხადებს, რომ მოვლენათა დაჩქარებას არ აპირებს.
ცნობისათვის, „ჯენერალ მოტორსს“ ჯერ საკუთარი გაყიდვების მაჩვენებლები არ გამოუქვეყნებია, თუმცა პირველი სამი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ის 9–მილიონიან ზღვარს გადალახავს. რაც შეეხება „ტოიოტას“, მისი გლობალური გაყიდვების მოცულობამ (რაშიც საკუთრივ ტოიოტას გარდა, ლექსუსის, დაიჰაცუს და ჰინოს მონაცემებიც შედის) 7.9 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 6 პროცენტით ნაკლებია.
ვინტერკორნი ვარაუდობს, რომ ევროპული ეკონომიკის რეცესია ავტომობილების გაყიდვებზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს. არადა, ეკონომისტები ევროპას ბევრ სირთულეს უწინასწარმეტყველებენ. ის ამბობს, რომ ევროპაში გაყიდვების მოსალოდნელ კლებას, ჩინეთსა და ამერიკაში გაყიდვების ზრდა დააბალანსებს.
რაც შეეხება საკუთრივ „ფოლკსვაგენის“ ბრენდით წარმოებულ ავტომობილებს, მათი გაყიდვები 13 პროცენტით, 5.1 მილიონამდეა გაზრდილი, ტაც მეტწილად ჩინეთსა და ინდოეთში გაყიდვების ზრდამ განაპირობა. „აუდის“ გლობალური გაყიდვები 19.2 პროცენტით, 1.3 მილიონამდე გაიზარდა. ამ შემთხვევაში, ზრდა ჩინეთისა და ამერიკის ბაზრებზე აქტიურობამ განაპირობა. რაც შეეხება „შკოდას“, მისმა გაყიდვებმა 15.3 პროცენტით, 879 200 ავტომობილამდე მოიმატა. ჩეხური კომპანიის შემთხვევაში, ზრდის მთავარი ფაქტორები ჩინეთის, გერმანიის, ინდოეთისა და რუსეთის ბაზრებია. ესპანურმა „სეატმა“ გაყიდვები მხოლოდ 3.1 პროცენტით, 350 000 ავტომობილამდე გაზარდა.

No comments:

Post a Comment