Sergio Perez says victory was possible
25 მარტი
მალაიზიური დიდი პრიზის ერთ-ერთი გამორჩეული გმირი მექსიკელი სერხიო პერესია, რომელმაც ნახევარ რბოლაზე მეტი სდია მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ფერნანდო ალონსოს, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც გასწრებისთვის ხელსაყრელ მანძილზე მიუახლოვდა, გამოუცდლობამ ცუდი სამსახური გაუწია - შეცდა და საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა. და მაინც, ამითაც ძალიან კმაყოფილი დარჩა.
აბა რა იქნებოდა, ეს ხომ „ზაუბერის“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შვეიცარიული გუნდის ანგარიშზე ერთი გამარჯვება (რობერტ კუბიცა, 2008 წლის კანადის დიდი პრიზი) და რამდენიმე მეორე ადგილი კი ირიცხება, მაგრამ მაშინ მას „ზაუბერი“ სიმბოლურად ერქვა და რეალურად, „ბეემვეს“ საქარხნო გუნდი იყო. დამოუკიდებელი „ზაუბერის“ საუკეთესო შედეგი აქამდე მესამე ადგილი იყო, რომელიც გერმანელმა ჰაინც-ჰარალდ ფრენცენმა 2003 წელს, აშშ-ის დიდ პრიზზე მოიპოვა. დაკიდევ, პერესამდ ბოლო მექსიკელი, ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო, პედრო როდრიგესი იყო, რომელმაც 1971 წელს, ჰოლანდიის დიდ პრიზზე (ცანდფოორტზე) მეორე ადგილი დაიკავა. ერთი წლით ადრე კი მანვე ბელგიური დიდი პრიზი მოიგო.
„ვფიქრობ, ამ რბოლაში გამარჯვება შესაძლებელი იყო. რა ტქმა უნდა, გუნდმა შესანიშნავად იმუშავა და ორივეჯერ დროულად დამიძახა პიტ სტოპზე. მეორე პიტ სტოპზე დრო დავკარგეთ - გადაბმის ქურომ მიღალატა, მაგრამ მერე ალონსოს მაინც თანდათან წამოვეწიე. სამწუხაროდ, როცა გამარჯვებისთვის ვიბრძოდი, მანქანაზე კონტროლი მცირე ხნით დავკარგე და ეს ძვირად დამიჯდა. თუმცა მაინც უკმაყოფილების საბაბი არ მაქვს“, - ამბობს პერესი, ვისაც 22 ქულა დაუგროვდა და ამით პირად კლასიფიკაციაში მე-5 ადგილზეა.
მექსიკელი ამბობს, რომ როცა ალონსოს დაეწია, მისი საბურავები გვარიანად გაცვეთილი იყო. და როცა გასწრებისთვის ხელსაყრელ მომენტს არჩევდა, სწორედ მაშინ გაექცა მანქანა - მოსახვევში ვერ ჩაეტია. თუმცა, მისი მოთვინიერება მაინც შეძლო და დევნა გააგრძელა, მაგრამ ესპანელის დაწევა ვეღარ შეძლო.
„და მაინც, მეორე ადგილი ჩემთვისაც და გუნდისთვისაც ძალიან კარგი შედეგია. ბოლოს და ბოლოს, ბლომად ქულები ავიღეთ. ეს სეზონის მხოლოდ მეორე რბოლა იყო და ვიმედოვნებ, რომ სეზონის მსვლელობისას, კიდევ მოვუმატებთ“. - დასძენს პერესი.
No comments:
Post a Comment