Sunday, March 25, 2012

ვივა ალონსო, ვივა პერეს!

Alonso storms to victory in rainy Malaysia
25 მარტი
ფორმულა ერთის მიმდინარე სეზონი დასაწყისშივე გახალისდა - მალაიზიის დიდი პრიზის მოსაგებად იმ მრბოლებმა იბრძოლეს, ვისაც სათავეში არავინ ელოდა. კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური კრიზისში მყოფი „ფერარის“ფერნანდო ალონსომ დაიკავა, ოდნავ ქვემოთ კი „ზაუბერის“ სერხიო პერესი პერესი დადგა. ლუის ჰამილტონი კი, რომელმაც მეორედაც სტარტი პოულიდან აიღო, ისევე როგორც მელბურნში, ამჯერადაც მესამე ადგილს დასჯერდა.
ყველაფერი კი წვიმამ განაპირობა. რბოლა სველ ტრასაზე დაიწყო, რის გამოც, პილოტების უმეტესობამ მანქანები საშუალო წვიმის საბურავებზე დააყენა. სტარტზე ორივე „მაკლარენმა“ იოლად შეინარჩუნა პოზიციები, მათ უკან კი მცირე სასწაული რომენ გროჟანმა მოახდინა, რომელმაც ერთბაშად სამი მეტოქე ჩამოიტოვა და ლიდერებს კვალში ჩაუდგა. ამ შემთხვევაში, სიტყვა მეტოქე არაფრისმთქმელია, მაგრამ თუ განვმარტავთ, რომ ამ მეტოქეთა (მიხაელ შუმახერის და სებასტიან ფეტელის) კარიერა 9 ტიტულის მატარებელია, მაშინ ფრანგის მანევრის შეფასებას მცირე კი არა, ნამდვილი სასწაულიც მოერგებოდა.
მაგრამ გროჟანის და „ლოტუსის“ სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა - გამოუცდელმა ფრანგმა შუმახერთან ბრძოლაში შეცდომა დაუშვა. ერთ-ერთი მოსახვევის გავლისას, მათი მანქანები ერთმანეთს შეეხო და ორივე დატრიალდა. და აქედან მოყოლებული, მათ ლიდერები აღარ შეუწუხებიათ. უფრო მეტიც, მეოთხე წრეზე ფრანგი ისევ შეცდა და მისთვის რბოლა იქვე, ბალახებში დასრულდა. შუმახერმა კი ისღა შესძლო, რომ ფინიშთან მეათე მისულიყო.
სტარტიდან რამდენიმე წუთში წვიმა გაძლიერდა და მრბოლებიც იძულებულნი გახდნენ, ნაადრევად მოენახულებინათ ბოქსები. ლიდერთაგან პირველებმა იძულებითი პიტ სტოპი ჯენსონ ბატონმა და ალონსომ მე-5 წრეზე შეასრულეს. ერთი წრის შემდეგ კი რეზინი ყველა მოწინავემ შეცვალა. თუმცა ყველამ არა - სერხიო პერესმა გარისკა. ძნელი სათქმელია, ეს რის გამო გააკეთა - იმისათვის, რომ თუნდაც ერთი წრე ლიდერის პოზიციაზე ყოფილიყო, თუ იმედი ჰქონდა, რომ ტრასაზე პეისკარი გამოვიდოდა. მექსიკელი პელოტონს სათავეში მოექცა და იქვე ტრასაზე პეისკარიც გამოვიდა. პერესმა მხოლოდ ამის შემდეგ ინება ბოქსებში შესვლა.
ორი წრის შემდეგ გადაწყდა, რომ ასეთ პირობებში რბოლის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. ტრასაზე წითელი შუქები აინთო. რბოლა შეწყდა. თითქმის ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, წვიმა შეწყდა და ტრასამაც შრობა დაიწყო. რა თქმა უნდა, რბოლაც განახლდა - მანქანებმა რესტარტი პეისკარის უკან აიღეს. მე-15-17 წრეებზე კი რეზინი ყველამ მეორედ შეცვალა, რის შემდგაც, ლიდერობა ალონსოს დარჩა. ამან ჰამილტონს ბოქსში გადაასწრო, სადაც ბრიტანელი ზედმეტად შეყოვნდა. უფრო მეტიც, მას პერესმაც გადაასწრო.
მართალია, ამ მომენტიდან მოყოლებული, ლიდერთა სამეულის განლაგება არ შეცვლილა, მაგრამ ამით რბოლა უინტერესო სულაც არ გამხდარა. შუა რბოლიდან, მექსიკელმა ტემპი გაზარდა. მან ზედიზედ რამდენიმე უსწრაფესი წრე გაიარა და ალონსოსთან ჩამორჩენაც თანდათან შეამცირა. მე-40 წრისთვის, ის ლიდერს წამზე ნაკლებით ჩამორჩებოდა.
ამ დროს კი ტრასა უკვე გამშრალია და პილოტებმაც სლიკებზე გადასვლა დაიწყეს. ბოქსებში შესვლას ლიდრთა განლაგება არ შეუცვლია. მაგრამ სულ რაღაც შვიდ წრეში, ფეტელს უკანა მარცხენა საბურავი გაუსკდა და ისევ ბოქსში შესვლამ მოუწია, რის გამოც, მან რბოლა უქულოდ დაასრულა. ჰამილტონი ბოქსში ისევ ზედმეტად შეყოვნდა, მაგრამ ამჯერად პოზიცია (მესამე) შეინარჩუნა. ალონსომ ოდნავ გაზარდა პერესთან უპირატესობა, თუმცა მექსიკელი მალე ისევ წამოეწია და ლიდერის შევიწროებაც დაიწყო. ისე ჩანდა, რომ პერესს აშკარად უფრო მაღალი ტემპი ჰქონდა და მას ესპანელის ჩამოტოვება არ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, თავად ნერვებმა უმტყუნა - მე-14 მოსახვევში ვერ ჩაეტია და ტრასის მიღმა გაისეირნა. მართალია, მან ისევ სცადა ალონსოს დაწევა, მაგრამ დისტანცია აღარ ეყო...

„ეს გამარჯვება ჩემთვის დიდი მოულოდნელობაა. ჩვენი მიზანი, რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება იყო. შედეგი კი დაუჯერებელია. გუნდმა შესანიშნავად იმუშავა. გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. ჩვენ ახლა რთული პერიოდი გვაქვს, ეს დღე კი არასდროს დაგვავიწყდება“, - განაცხადა ალონსომ, ვინც კარიერაში 28-ე გამარჯვება მოიპოვა და ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ჯეკი სტიუარტს გადაასწრო. სულ კი, მოგებათა რაოდენობით, მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. რაც მთავარია, მიმდინარე ჩემპიონატს სათავეში მოექცა, რასაც თავადაც არ ელოდა.
„ვგრძნობდი, მისთვის რაც შეიძლება სწრაფად უნდა გამესწრო, რადგან სწრაფ მოსახვევებში, როდესაც მის უკან ვიყავი, წინა ბორბლები არ მემორჩილებოდა. მერე კი მარცხენა სწრაფ მოსახვევში ვერ ჩავეტიე. უმალ კერბზე ავვარდი და ტრასის მიღმა გადავედი. ამ შეცდომით კი გამარჯვება დავკარგე“, - განაცხადა პერესმა. ცნობისათვის, ბოლო მექსიკელი მრბოლი, ვისაც ფ1-ის ეტაპი აქვს მოგებული, პედრო როდრიგესია. მან ბელგიის 1970 წლის რბოლა მოიგო.
ასეა თუ ისე, ეს „ზაუბერის“, როგორც დამოიკიდებელი გუნდის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გუნდს ერთი მოგება კი აქვს, მაგრამ ის გამარჯვება „ბეემვე ზაუბერის“ სახელით მოიპოვა. პერესმა კი, ვინც ფორმულა ერთში მეორე სეზონს ატარებს, ამ ერთ რბოლაში იმაზე მეტი ქულა მოიპოვა, ვიდრე მტელ გასულ სეზონში.
რაც შეეხება ჰამილტონს, ამჯერად ის მესამე ადგილით კმაყოფილი დარჩა: „საწუწუნო არაფერი მაქვს. ზედიზედ მეორე რბოლა დავასრულე კვარცხლბეკზე. ძალიან რთულ პირობებში მოგვიწია რბოლამ და ის პრობლემის გარეშე დავასრულე. სამწუხაროდ, ორივე პიტ სტოპზე ბევრი დრო დავკარგე. ლიდერების დაწევა კი იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ შევძელი, რომ ისინი გაცილებით სწრაფები იყვნენ“.
წვიმის გამო, მოწინავე ათეულში რამდენიმე ისეთი პილოტი შევიდა, რომლებსაც იქ იშვიათად თუ ვხვდებით - ბრუნო სენამ ფინიშს მეექვსემ მიაღწია, „ტორო როსოს“ ფრანგმა ახალბედა ფრანგმა ჟან-ერიკ ვერნმა მერვე ადგილი დაიკავა, „ფორს ინდიას“ ბრიტანელმა პოლ დი რესტამ და გერმანელმა ნიკო ჰულკენბერგმა კი - შესაბამისად, მეშვიდე და მეცხრე. სამაგიეროდ, „მერსედესს“ კვლავ ხელი მოეცარა. ისევ უქულოდ დარჩენისგან სამქიმიანები მიხაელ შუმახერმა იხსნა...


მალაიზიის დიდი პრიზი
კუალა ლუმპური, სეპანგი (56 წრე, 310.408 კმ)
1. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                    2:44:51.812
2. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                            +00:02.263
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)             00:14.591
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       00:17.688
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                          00:29.456
6. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                           00:37.667
7. პოლ დი რესტა, ბრიტანეთი, ფორს ინდია)                00:44.412
8. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)              00:46.985
9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)             00:47.892
10. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 00:49.996
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)              01:15.527
12. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)       01:16.828
13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                    01:18.593
14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                01:19.719
15. ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი)                           01:37.319
16. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                  1 წრე
17. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1 წრე
18. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)               1 წრე
19. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)        2 წრე
20. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                           2 წრე
21. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)                2 წრე
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                  2 წრე
გ. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                          10 წრე
გ. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                    53 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: კიმი რაიკონენი, 1:40.722, 53-ე წრე



მრბოლთა კლასიფიკაცია

1. ფერნანდო ალონსო - 35 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 30; 3. ჯენსონ ბატონი - 25; 4. მარკ უებერი - 24; 5. სერხიო პერესი - 22; 6. სებასტიან ფეტელი - 18; 7. კიმი რაიკონენი - 16; 8. ბრუნო სენა - 8; 9. კამუი კობაიაში - 8; 10. პოლ დი რესტა - 7; 11. ჟან-ერიკ ვერნი - 4; 12. დანიელ რიკიარდო - 2; 13. ნიკო ჰულკენბერგი - 2; 14. მიხაელ შუმახერი - 1

კონსტრუქტორთა თასი
1. მაკლარენ-მერსედესი - 55 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 42; 3. ფერარი - 35; 4. ზაუბერ-ფერარი - 30; 5. ლოტუს-რენო - 16; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 9; 7. უილიამს-რენო - 8; 8. ტორო როსო-ფერარი - 6; 9. მერსედესი - 1

No comments:

Post a Comment