5 მარტი
ჩინეთის სამხრეთში მდებარე ქალაქ შენჟენის ხელისუფლება და ჩინური საავტომობილო კომპანია BYD, ქალაქში ელექტრომობილების უმსხვილეს პარკს აყალიბებენ. დღეისათვის ქალაქში BYD -ის წარმოების 2000 ელექტრომობილი გადაადგილდება, რომელთაგან 1300 ცალი ტაქსია (ქროსოვერი e6), 700 კი - ავტობუსი (eბას-12). ამასთან, მხარეები პარკის კიდევ უფრო გაზრდას აპირებენ.
უფრო მეტიც, როგორც ჩინური საავტომობილო გამოცემა „ჩაინა ქარ ტაიმსი“ იუწყება, ქალაქის ხელისუფლება ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს. იგეგმება იმ ავტომფლობელების ყველანაირი წახალისება, რომლებიც ელექტრომობილის შეძენას გადაწყვეტენ. ამისათვის, სტიმულირების სპეციალური გეგმაა შედგენილი.
მაგალითად, ელექტრომობილების მფლობელებს, პიკის საათებში იმ ზოლში გადაადგილების უფლება მიეცემათ, რომელზეც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს. გარდა ამისა, ისინი დაზღვევასა და ყოველწლიურ ტექმომსახურებაზე შეღავათებს და ფასდაკლებებს მიიღებენ. ამასთან, ელექტრომობილების მფლობელებზე არ გავრცელდება ის შეზღუდვები, რომელთა მიზანსაც, ქალაქში ავტომობილების რიცხვის შემცირება წარმოადგენს. კერძოდ, ისინი სატრანსპორტო გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. მათ არ მოუწევთ იმ ლატარეის ბილეთის საფასურის გადახდა, რომლითაც სანომრე ნიშნები თამაშდება.
ელექტრომობილების მფლობელებზე ასევე არ გავრცელდება ეგრეთ წოდბული „ნომრის ბოლო ციფრის“ წესი, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ორშაბათს ქუჩაში გამოსვლა ეკრძალება მანქანებს, რომელთა ნომრის ბოლო ციფრებია 1 და 6, სამშაბათს - 2 და 7, ოთხშაბათს 3 და 8 და ასე შემდეგ.
გარდა ამისა, საქმეში ენერგეტიკოსებიც არიან ჩართულნი. მათი ნებართვით, ელექტრომობილის მფლობელს, ორი დასამუხტი მოწყობილობის უფასოდ დაყენების უფლება აქვს. ამათგან ერთს სახლთან ამონტაჟებს, მეორეს კი - სამსახურთან. შეღავათები ვრცელდება ელექტროენერგიაზეც. კეძოდ, ელექტრომობილის მფლობელს, ღამით ყოველი კილოვატსაათი ელექტროენერგია 0.3 იუანი (დაახლოებით 0.4 ცენტი) დაუჯდება.
დღეისათვის ქალაქ შენჟენში 309 კერძო ელექტრომობილი დადის. ქალაქის ხელისუფლება და კომპანია BYD ვარაუდობენ, რომ წელს ელექტრომობილების რიცხვი 3000-ს გასცდება, რისთვისაც ქალაქში 6000 დასამუხტი სვეტი დაიდგმება.
No comments:
Post a Comment