Volkswagen Up! named 2012 World Car of the Year
5 აპრილი
ფოლკსვაგენ Up! |
ტრადიციისამებრ, ნიუ იორკის ავტო შოუს მეორე დღეს, მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილი სახელდება ხოლმე. ტრადიცია არც ამჯერად დარღვეულა და კონკურსის ჟიურიმ, რომელშიც 25 ქვეყნის 64 საავტომობილო თემაზე მწერალი ჟურნალისტი შედის, ყველაზე გამორჩეული ოთხი ავტომობილი დაასახელა, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კი „ფოლკსვაგენის“ მინიავტომობილი Up! გახდა.
ვოლფსბურგულმა ჯუჯამ, რომელზეც გერმანული კომპანია და მისი ოჯახის წევრი კომპანიები დიდ იმედებს ამყარებენ, ფინალში ისეთი პოპულარული მეტოქეები ჩამოიტოვა, როგორებიცაა მე-3 სერიის „ბეემვე“ და „პორშე 911“.
პორშე 911 |
ამ უკანასკნელმა სპორტული ავტომობილების ნომინაციაში გაიმარჯვა. „პორშეს“ ახალმა 911-მა ისეთი ძლიერი მეტოქეები დაამარცხა, როგორებიცაა „ლამბორგინი ავენტადორ LP700-4“ და „მაკლარენ MP4-12C“. ამ მონსტრების დამარცხება გასაკვირი არ იქნება, თუ გავიხსენებთ, რომ თავად „პორშემ“ თავის ახალ ავტომობილს, ყველა დროის საუკეთესო 911 უწოდა.
მერსედეს-ბენც S250 CDI ბლიუეფშენსი |
ეკოლოგიური ავტომობილების კატეგორიაში, ჟიურიმ საუკეთესოდ „მერსედეს-ბენც S250 CDI ბლიუეფშენსი“ დაასახელა. აქ გამარჯვებულს მეტოქეობას ელექტრული „ფორდ ფოკუსი“ და ჰიბრიდული „პეჟო 3008 ჰაიბრიდი“ უწევდნენ.
დაბოლოს, კატეგორია „საუკეთესო დიზაინი“. აქ გამარჯვება წილად „ლენდ როვერის“ „რეინჯ როვერ ევოკს“ ხვდა. ამან ფინალში „ფოლკსვაგენ Up!“ და „სიტროენ DS5“ დაამარცხა.
რეინჯ როვერ ევოკი |
შეგახსენებთ, რომ შარშან მსოფლიოს წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება „ნისანის“ ელექტრომობილმა „ლიფმა“ მოიპოვა. სპორტულ ავტომობილებში საუკეთესოდ „ფერარი 458 იტალია“ დაასახელეს, საუკეთესო დიზაინის ტიტული „ასტონ მარტინ რეპიდმა“ მიიღო, ეკოლოგიურ ავტომობილებში კი აღიარება „შევროლეს“ პლაგ-ინ ჰიბრიდულმა „ვოლტმა“ მიიღო.
No comments:
Post a Comment