Thursday, April 5, 2012

ფერდინანდ ალექსანდერ პორშე - 911-ის ავტორი, გარდაიცვალა

Ferdinand Alexander Porsche, the Father of the 911, Passes Away at Age 76
5 აპრილი
ადამიანი, რომელმაც ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტომობილის, „პორშე 911-ის“ დიზაინი შეიმუშავა, ფერდინანდ ალექსანდერ პორშე, 76 წლისა, გაურკვეველი მიზეზის გამო, ზალცბურგში (ავსტრია) გარდაიცვალა.

„ვწუხვართ ჩვენი პარტნიორის, ფერდინანდ ალექსანდერ პორშეს გარდაცვალების გამო. ის იყო „პორშე 911-ის“ შემქმნელი და მანვე შეიმუშავა ჩვენი კომპანიის საინჟინრო და სადიზაინო კულტურის პროექტი, რომელმაც ჩვენი სპორტული ავტომობილების ხასიათი ჩამოაყალიბა. მისი ფილოსოფია, რომელიც კარგ დიზაინს ემყარება, ჩვენთვის არის ანდერძი, რომელსაც კომპანია თავისი არსეობის განმავლობაში, ყოველთვის გაითვალისწინებს“, - ნათქვამია „პორშეს“ მთავარი აღმასრულებლის, მათიას მიულერის განცხადებაში.
დიდი ფერდინანდ პორშეს შვილიშვილი, ფერდინანდ ალექსანდერ პორშე, შტუტგარტში, 1935 წლის 11 დეკემბერს დაიბადა. ის ფერი (დიდი ფერდინანდის შვილის) და დოროთეა პორშეს პირმშოა. ფერდინანდ ალექსანდერ პორშემ „პორშეში“ მუშაობა 1958 წელს დაიწყო და თავისი პირველი მოდელი, 356-ის შემცვლელი პლასტიცინისგან გამოძერწა. ოთხ წელიწადში ის კომპანიის დიზაინის სტუდიას ჩაუდგა სათავეში. ერთ წელიწადში კი მან შეიმუშავა პროექტი 901, რომელსაც მალე სახელი 911-ით შეუცვალეს, რადგან სამციფრიან სახელწოდებაში შუაში ნულს „თავისად“ ფრანგული „პეჟო“ მიიჩნევდა. ამის შემდეგ კი ყველაფერ, რაც ამ მოდელს და მის შთამომავლობას უკავშირდება, საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი და ეს ისტორია ახლახანს უახლესი, მე-6 თაობის 911-მა გააგრძელა.
სერიული ავტომობილების გარდა, ფერდინანდ ალექსანდერ პორშე სარბოლ ავტომობილებსაც ქმნიდა. სწორედ მისი შემუშავებულია ფორმულა ერთის ბოლიდი „ტაიპ 804“ და „პორშე 904 კარერა GTS“.
მოგვიანებით, 1972 წელს, მან კომპანია დატოვა და შტუტგარტში „პორშე დიზაინ სტუდიო“ ჩამოაყალიბა, რომლის შტაბ-ბინაც ორ წელიწადში ავსტრიის ქალაქ ცელ ამ ზიიში გადაიტანა. სტუდიამ სახელი ისეთი პროდუქტების შექმნით გაითქვა, როგორებიცაა საათები, სათვალეები, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა.
მართალია, მან კომპანია დატოვა, მაგრამ როდესაც საჭირო იყო, მას კვლავ უბრინდებოდა. მაგალითად, „პორშეს“ სამეთვალყურეო საბჭოს 1990-1993 წლებში ხელმძღვანელობდა, როდსაც ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილ კომპანიას განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროებოდა. შემდეგ მან ეს პოსტი საკუთარ შვილს - ოლივერს ჩააბარა და თავად საპატიო პრეზიდენტის წოდება დაიტოვა.

No comments:

Post a Comment