Thursday, April 5, 2012

ალეზი ინდი 500-ზე გამოვა

Jean Alesi to contest Indianapolis 500 race with Newman/Haas
5 აპრილი
11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჟან ალეზი ფორმულა ერთიდან წავიდა. და აი, 47 წლის ფრანგმა დიდ რბოლებში დაბრუნება გადაწყვიტა. ოღონდ, ფორმულა ერთის ნაცვლად ის ამჯერად ინდიქარ-ის ბოლიდის საჭეს მიუჯდება. „ფერარის“, „ბენეტონის“, „ზაუბერის“, „ჯორდანის“, „პროსტის“ და „ტირელის“ ყოფილი მრბოლი ამჯერად ინდი 500-ზე (27 მაისს), სახელოვანი „ნიუმენ/ჰაასის“ საჯინიბოს მანქანით იასპარეზებს.
ალეზის ფ1-ის 201 რბოლაში მიუღია მონაწილეობა, მაგრამ ოვალზე ერთხელაც არ გამოსულა. ამერიკელმა ბიზნესმენმა, ვინც საკუთარ გუნდს ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობ პოლ ნიუმენთან ერთად ფლობდა, ფრანგ მრბოლს საკუთარი გუნდის „დალარა DW12“ შესთავაზა, რაზეც ალეზი სიამოვნებით დათანხმდა. აღსანიშნავია, რომ ჰაასის საჯინიბო ამ სეზონში ისვენებს - ინდიქარ-ის სერიაში შვებულება აქვს აღებული. თუმცა, გამონაკლისი ალეზისთვის დაუშვა. მანქანა „ლოტუსის“ ძრავით იქნება აღჭურვილი, ჰაასის გუნდს კი ამ ერთ რბოლაში პარტნიორობას „დრაგონ რეისინგი“ გაუწევს.
„ინდი 500-ზე „ნიუმენ/ჰაასთან“ ერთად გამოვალ. ეს უკვე გადაწყვეტილია, ხელშეკრულება უკვე გაფორმაბული გვაქვს. ბევრი დეტალი გასარკვევია. მაგალითად, როდს ჩავჯდები პირველად მანქანაში. ჩემთვის ეს შესანიშნავი ნაბიჯია. ახლა ყველას მხარდაჭერა მჭირდება - გუნდის, ფანების. ძალიან მაინტერესებს, ოვალზე როგორია რბოლა. შიში არ მაქვს, მაგრამ საკმაოდ დიდ ზეწოლას ვგრძნობ. მთავარია, ფიზიკურად კარგად მოვემზადო. კარგი რბოლისთვის ეს მთავარია“, - ბრიტანულ გამოცემა „ავტოსპორტთან“ საუბრისას განაცხადა ალეზიმ.
ალეზის ინდი 500-ზე გადასვლას ხელი იმ ფაქტორმა შეუწყო, რომ ის ბრენდ „ლოტუსის“ სახეა. ეს კომპანია კი ამ სეზონიდან, ინდიქარ-ის სერიაში მონაწილე გუნდებს ძრავებით ამარაგებს. იმისათვის, რომ მთავარ რბოლაში მონაწილეობის უფლება მიიღოს, ალეზის ჯერ ახალბედების კვალიფიკაციაში გამოსვლა მოუწევს. თავის დროზე, ეს გზა ფ1-ის ისეთ ლეგენდებს გაუვლიათ, როგორებიც არიან ჯიმ კლარკი (ფ1-ის ორგზის ჩემპონი), ჯეკი სტიუარტი (ფ1-ის სამგზის ჩემპიონი) და ნაიჯელ მენსელი (ერთგზის ჩემპიონი). აღსანიშნავია, რომ ალეზისთან ერთად, ახალბედების ვარჯიშებზე ბრაზილიელი რუბენს ბარიკელოც იასპარეზებს.

No comments:

Post a Comment