Ferrari's first hybrid likely to surpass Enzo as
most expensive, powerful model
19 მაისი
დიდი დრო აღარ დარჩა „ფერარი ენცოს“ შემცვლელის
პრემიერამდე. იტალიური კომპანია არ მალავს, რომ ეს იქნება მის ისტორიაში ყველაზე
ძვირი და მძლავრი სერიული ავტომობილი. ამასთან პირველი, რომელიც ჰიბრიდული ძალური
სისტემით აღიჭურვება.
ამ ეტაპზე, ეს ავტომობილი F70-ის
სახელითაა ცნობილი. ის „ენცოზე“ ძვირი, ანუ 660 000 ევროზე მეტი ეღირება. ეს
ინფორმაცია სააგენტო ბლუმბერგს „ფერარის“ ერთ-ერთმა მენეჯერმა მიაწოდა, რომელმაც
ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამასთან, ცოტა ხნის წინ, იტალიური კომპანიის შეფმა ლუკა
დი მონტეძემოლომ დაადასტურა, რომ ავტომობილი ჰიბრიდულ სისტემა ჰაი-კერს-ით
აღიჭურვება, რომელიც მარანელოელებმა პირველად ფორმულა ერთისთვის შექმნეს და შემდეგ
ეს ტექნოლოგია საგზაო ავტომობილისთვისაც გამოიყენეს.
ჰიბრიდულ სისტემაში, V12 შიდაწვის ძრავის გარდა,
ორი ელექტროძრავიცაა გაერთიანებული. მათგან ერთი გადაცემათა კოლოფის ბოლოშია
განლაგებული და მისი დახმარებით, უკანა ბორბლებს უკავშირდება. მეორე კი ძრავთანაა
დაკავშირებული და გენერატორის მოვალეობას ასრულებს. იტალიური კომპანია ამ სისტემის
ჯამურ სიმძლავრეს ჯერ არ აქვეყნებს, თუმცა ცნობილია, რომ ის ყველა წინა საგზაო
ფერარიზე მძლავრი იქნება. ამასთან, საწვავის ეკონომიური მოხმარებითაც იქნება გამორჩეული.
„ფერარი“ სუპერ ავტომობილების პირველი მწარმოებელი
არაა, რომელიც ჰიბრიდულ ავტომობილს გამოუშვებს. „პორშე“ უკვე აწარმოებს თავისი ორი
პოპულარული მოდელის, უგზოობის „კაიენის“ და ოთხკარიან კუპე „პანამერას“ ჰიბრიდულ
ვერსიებს. ცოტა ხანში კი პლაგ-ინ ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილ „918 სპაიდერს“
გამოუშვებს, რომლის სიმძლავრეც 770 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. მასში შიდაწვის
ძრავს ორი ელექტროძრავი შეუწყვილდება.
პლაგ-ინ ჰიბრიდული სპორტული ელექტრომობილის (i8) წარმოებას
მალე „ბეემვეც“ დაიწყებს. მარტო ელექტროძრავებით, i8 მხოლოდ 35 კილომეტრის გავლას
შესძლებს. სამაგიეროდ, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 5 წამი ეყოფა.
სვლის სიშორის გასაზრდელად კი მას შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი
მოემსახურება. ჰიბრიდბს ასევე უშვებენ „ლექსუსი“ და „მერსედეს-ბენცი“. „ფოლკსვაგენის“
ჯგუფში შემავალი „ბენტლი“ კი მალე უგზოობის ავტომობილს გამოუშვებს, რომელსაც
აუცილებლად აღჭურვავს ჰიბრიდული სისტემით.
და
ისევ „ფერარის“ მომავალი ფლაგმანის ჰიბრიდული სისტემის შესახებ. მასში 100-ცხენისძალიანი
ელექტროძრავი, შიდაწვის ძრავი, ორიდან ერთი ქუროს მეშვეობითაა ინტეგრირებული. ის
იმ ენერგიას იყენებს, რომელსაც სისტემაში შემავალი კერს-ი მუხრუჭებისგან აგროვებს.
იმავე ქუროს დახმარებით, ელექტროძრავი მომენტალურად ზრდის იმ მაბრუ მომენტს,
რომელსაც ტრანსმისია V12
ძრავისგან ღებულობს. საერთო ჯამში, ჰიბრიდული დანადგარის სიმძლავრე 900 ცხენის
ძალაზე მეტი იქნება.
No comments:
Post a Comment