27 ივნისი
მართალია, ევროპის დიდი პრიზის რბოლისას, ბოქსებში
ლუის ჰამილტონი შეაყოვნა, მაგრამ „მაკლარენმა“ პიტსტოპებში მაინც გამოიჩინა თავი -
იმავე ჰამილტონს, პირველ პიტსტოპზე, საბურავები რეკორდულ დროში გამოუცვალა. ოფიციალური
მონაცემებით, ოთხივე საბურავის გამოსაცვლელად, უოკინგელებს 2.6 წამი ეყოთ.
მაგრამ ჟურნალ „ავტოსპორტის“ მონაცემებით,
პიტლეინზე გაჩერებიდან სტარტის ნიშნის მიცემამდე, მხოლოდ 2.32 წამი გავიდა. ეს კი
0.11 წამით ნაკლებია წინა რეკორდზე, რომელიც კორეის შარშანდელი რბოლისას, „მერსედესის“
გუნდმა, მიხაელ შუმახერის პირველ პიტსტოპზე მომსახურებისას დააფიქსირა.
სამწუხაროდ, გუნდმა თავისი შესაძლებლობები ბოლომდე ვერ
გამოიყენა. მეორე პიტსტოპზე შეფერხების გამო, ჰამილტონმა ორი პოზიცია დაკარგა,
რამაც კვარცხლბეკზე ასასვლელად ბრძოლა გაურთულა. თუმცა, პასტორ მალდონადოს „წყალობით“,
ფინიშს მაინც ვერ მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი კი ამწევის გატეხვა გახდა. ის
მაშინ გატყდა, როდესაც ჰამილტონმა მანქანა გააჩერა. ბედზე, ახლოს სხვა მექანიკოსი
იდგა, რომელსაც ჯენსონ ბატონის მანქანის ამწევი ეჭირა. და გუნდმაც ამის წყალობით,
ნაკლები დრო დაკარგა. მაგრამ საქმეს ამით ვერ ეშველა.
„გამძაფრებული კონკურენციის პირობებში, სწრაფ
პიტსტოპებს შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე,
რომ ამ ასპექტშიც კონკურენტინარიანები ვიყოთ. და ვალენსიაში ყველამ დაინახა, რომ
ეს კარგად გამოგვდის. რა თქმა უნდა, არის შეცდომები, ან მოულოდნელი შემთხვევები,
მაგრამ შეცდმოებს აღარ ვიმეორებთ, უიღბლობისგან კი დაზღვეული არავინაა. ახლა
მთავარია, ის დონე შევინარჩუნთ, რომელსაც მივაღწიეთ. ჩვენი მიზანია, პიტსტოპები
სტაბილურად 3 წამის ფარგლებში შევასრულოთ ხოლმე“, - ამბობს „მაკლარენის“ სპორტული
დირექტორი სემ მაიკლი.
აღსანიშნავია,
რომ ერთ-ერთი პიტსტოპის დროს, „მაკლარენის“ ერთ-ერთ მექანიკოსს, რომელიც მარჯვენა
უკანა ბორბლის მოჭერაზეა სპეციალისებული, უკანა ანტი ფრთისგან ჭრილობა მიუღია, რის
გამოც, ბრიტანეთის ეტაპზე, გუნდს მისი დროებით შეცვლა მოუწევს.
ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)
No comments:
Post a Comment