Monday, July 2, 2012

გუანჟოუში ავტომობილების გაყიდვა შეიზღუდა


Guangzhou Cars Sales Capped at 10,000 Per Month
2 ივლისი
ასეც ხდება... ყველა - მწარმოებლებიც და ქვეყნებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ავტომობილი გაჰყიდონ. იმიტომ, რომ გაყიდვებზე მათი კეთილდღეობაა დამოკიდებული. მაგრამ ძალიან იშვიათად, პირიქითაც ხდება. მაგალითად, ჩინურ ქალაქ გუანჟოუში.

ეს ცისქვეშეთში მესამე უდიდესი ქალაქია. მასში 12.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. გუანჟოუ ჩინეთის ერთ-ერთი ინდუსტრიული ცენტრია, რომელიც მაღალი ტემპით ვითარდება. შესაბამისად, მისი მოსახლეობის ცხოვრების დონე მატულობს და ისინიც სულ უფრო მეტ ავტომობილს ყიდულობენ.
შესაბამისად, ქალაქის ქუჩებში სულ უფრო მეტი ავტომობილი მოძრაობს, რისი შედეგიც ხშირი და ძალიან გრძელი საცობებია. ამის გამო, გუანჟოუ იმ იშვიათ ქალაქთაგანია, სადაც ავტომობილების ყიდვის ლიმიტია შემოღებული. ჩინური პრესის ინფორმაციით, წლის განმავლობაში, ამ ქალაქის მაცხოვრებლებს, მხოლოდ 120 000 ავტომობილის შეძენის უფლება აქვთ.
ანალიტიკოსები ახლავე ამბობენ, რომ ჩინეთის ქალაქები, განსაკუთრებით დიდი ქალაქები, ქვეყანაში საავტომობილო ბუმის ეფექტებს, უარყოფითი კუთხით, ძალიან მალე იგრძნობენ. გაიზრდება არამხოლოდ გზებზე საცობების რიცხვი, არამედ დაბინძურდბა ჰაერი და გარემო. დაანგარიშებულია, რომ უკვე დღეს, გუანჟოუში ავტომობილების საშუალო სიჩქარე უკვე 20 კმ/სთ-მდე არის შემცირებული. შესაბამისად, გაზრდილია საწვავის ხარჯი და ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობა. და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ამჟამად გუანჟოუში 2.4 მილიონი ავტომობილია რეგისტრირებული და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. შესაბამისად, მცირდება მათი გადაადგილების საშუალო სიჩქარე.
ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქალაქის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვა სიტუაციას გარკვეულწილად შეარბილებს, თუმცა ამ ეფექტის დიდხანს შენარჩუნება მაინც შეუძლებელი იქნება და ადრე თუ გვიან, გუანჟოუს ქუჩებს ტოტალური ჩახერგვა ემუქრება...

No comments:

Post a Comment