Thursday, August 9, 2012

„ზაუბერი“ „ფერარის“ ძრავებზე დარჩენას აპირებს

Sauber says Ferrari remains the preferred engine supplier for 2014 F1 season
9 აგვისტო

„ზაუბერის“ მთავარი აღმასრულებელი მონიშა კალტენბორნი ამბობს, რომ მისი გუნდისთვის ძრავების ყველაზე სასურველ მიმწოდებლად ისევ „ფერარი“ რჩება. და ეს სიტუაცია არც მას შემდეგ შეიცვლება, რაც 2014 წლის სეზონიდან ძალაში ახალი რეგლამენტი შევა. ამ რეგლამენტის მიხედვით კი გუნდებს მხოლოდ 1.6-ლიტრიანი V6 ტურბო ძრავების გამოყენების უფლება ექნებათ.

რეალურია შანსი იმისა, რომ ძრავების ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, პელოტონში ბევრი რამ შეიცვლება. მაგრამ წინასწარ ძნელია იმის განსაზღვრა, რომელ კომპანიას (ფერარის, მერსედესს, კოსუორტს, თუ რენოს) გამოუვა საუკეთესო ძრავი. კალტენბორნი კი თვლის, რომ ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი იმ პარტნიორთან ურთიერთობის გაგრძელებაა, რომელთან თანამშრომლობაც წლებია, რაც გრძელდება. იმავდროულად, შვეიცარიული საჯინიბოს შეფი დასძენს, რომ მის გუნდს ყველაზე მეტად ფინანსური პრობლემები აწუხებს.
„ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ყველაზე ლოგიკური ის იქნება, თუ პირველ რიგში, ახლანდელ პარტნიორს დაველაპარაკებით, რადგან მათთან ურთიერთობის დიდი ხნის ისტორია გვაქვს. მაგრამ ეს საკითხი ჯერ მაინც ღიაა, რადგან ვფიქრობ, ჯერ პირობები მათაც დაუზუსტებელი აქვთ. უნდა მოვიცადოთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საკითხის ფინანსური ასპექტი. არ გვინდა, ის დრო დაბრუნდეს, როდესაც ძრავებში იმაზე გაცილებით დიდ თანხას ვიხდიდით, ვიდრე თავად მწარმოებლები“, - ამბობს კალტენბორნი.
მანვე უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ „ზაუბერი“ „ფოლკსვაგენთან“ იწყებს თანამშრომლობას. მისი თქმით, გერმანული გიგანტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს, რაიმე შედეგი არ მოჰყოლია:
„ჩვენ უკვე დავადასტურეთ, რომ „ფოლკსვაგენთან“ შეხვედრა ჟენევაში გვქონდა. მაგრამ ამაზე მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. მოლაპარაკება არ გვქონია. ამასთან ფაქტია, რომ თუ ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა გვინდა, მაშინ ძლიერი პარტნიორი გვჭირდება. მაგრამ ფაქტია, რომ „ფოლკსვაგენთან“ ამ თემაზე მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ“.
კითხვაზე, რომელიც მომავალი სეზონისთვის „ზაუბერის“ პილოტების შემადგენლობას შეეხო, კონკრეტულად კი გუნდში ფელიპე მასას შესაძლო დაბრუნებას, კალტენბორნი პასუხობს: „ამ ეტაპზე, მე მხოლოდ ორი მრბოლი მაინტერესებს. ეს ის მრბოლები არიან, რომლებიც ჩვენს მანქანებს მართავენ. მათ სეზონის დაწყებამდეც დიდი დახმარება გაგვიწიეს მანქანის დახვეწაში. მომავალი სეზონისთვისაც იგივე სტრატეგიას ავირჩევთ, რაც ამ სეზონის წინ დავსახეთ. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავთ - ყველაფრის თავიდან დაწყება აუცილებელი არაა“.

ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment