Thursday, August 9, 2012

„ბეემვეს“ ჰიბრიდულ i8-ს სალონი გამოუჩნდა


New BMW i8 Hybrid Sports Coupe Affords us our first View of its Interior
9 აგვისტო
 ბავარიული კომპანია წარმოებისთვის თავის პირველ ჰიბრიდულ კუპე i8-ს ამზადებს. ამ ავტომობილზე უამრავი ინფორმაცია გავრცელდა და მათი უმეტესობა ჩვენს გვერდზეც დაიწერა. მაგრამ არის კიდევ ბევრი რამ, რაც არ ვიცით და რასაც გზადაგზა, პრემიერამდე გავიგებთ. ერთ-ერთი ასეთი „რამ“ ავტომობილის ინტერიერია, რომელიც ახლახანს, გამოცემა „ქარსკუპის“ ფოტო მსტოვარმა თავისი კამერით დააფიქსირა.

ძნელი სათქმელია, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ამ ეტაპზე i8-ს სალონის გაფორმების ნახვა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ავტომობილის ექსტერიერის დიზაინი უკვე ორჯერ შეიცვალა, სალონი კი სავსეა ყველანაირი მზომი და ტელემეტრიული ხელსაწყოებით და სენსორებით, რომელთა დანიშნულებაც, ავტომობილის მახასიათებლების დაწვრილებითი შესწავლაა.
მაგრამ რადგანაც ფოტოები ხელში ჩაუვარდა, გამოცემამ საჭიროდ ჩათვალა მათი გამოქვეყნება. ფოტოებიდან ჩანს, რომ სალონიც შენიღბულია. ბევრი ელემენტი იქ „ბეემვეს“ სხვა ავტომობილებიდანაა. ახლავე შეიძლება იმის დარწმუნებით თქმა, რომ i8-ს კონცეპტუალური ვერსიის სალონიდან, მის სერიულ ვერსიას არაფერი (ან თითქმის არაფერი) შემორჩება.
სამაგიეროდ, აღჭურვილობის მხრივ, ახლავე ბევრი რამ უკვე ცნობილია. სერიული ავტომობილი იმავე პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღიჭურვება, რომელიც კონცეპტუალურ კუპესა და სპაიდერზე გამოიყენეს. ამ სისტემაში შედის ბენზინის 1.5-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც ავტომობილის ბაზაშია მოთავსებული. ის 217 ცხენის ძალას და 300 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს და უკანა ბორბლებს ატრიალებს. ელექტროძრავი კი, რომელიც 129 ცხენის ძალას იძლევა, ჭინა ღერძს აბრუნებს.
ბავარიული კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, i8-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 5 წამზე ნაკლებში შეუძლია, მისი საწვავის საშუალო ხარჯი კი 100 კილომეტრზე 3.0 ლიტრის ფარგლებშია. დაზუსტებული არაა, მაგრამ სავარაუდოდ, ამ მაჩვენებელს ავტომობილი მაშინ იძლევა, როდესაც მანძლის ნაწილს მხოლოდ ელექტროენერგიის ხარჯზე ფარავს.
ავტომობილის ეკონომიურობას, მისი აეროდინამიკურად დახვეწილი ფორმა და სიმსუბუქე განაპირობებს. მაქსიმალური აეროდინამიკური ეფექტის მისაღწევად, ბავარიელები მოძრავ ელემენტებს იყენებენ. რაც შეეხება ავტომობილის აგებულებას, ის ძირითადად ალუმინისა და კარბონის კომპოზიტითაა დამზადებული, რაც სიმსუბუქესთან ერთად, სტრუქტურას სიმტკიცესაც ანიჭებს, თუმცაღა აძვირებს კიდეც.
სავარაუდოდ, i8 ბაზარზე 2015 წელს გამოვა, ერთი წლით გვიან, ვიდრე ჰიბრიდული მინი ჰეჩბეკი i3. კუპეს სავარაუდო ფასი 100 000 ევროზე მეტი იქნება.

ასევე წაიკითხეთ

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)

No comments:

Post a Comment