Saturday, October 27, 2012

ალონსო დარწმუნებულია, რომ ტიტულს მოიგებს


Alonso confident he can still win F1 title
27 ოქტომბერი
ინდურ კვალიფიკაციაზე, რომელიც სებასტიან ფეტელმა დამაჯერებლად მოიგო, ფერნანდო ალონსო მეხუთე შედეგს დასჯერდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ესპანელი მაინც ოპტიმიზმს ავლენს. უფრო მეტიც, როგორც ამბობს, ასი პროცენტით დარწმუნებულია, რომ მესამე ტიტულს სწორედ ის მოიპოვებს.

არადა, „რედ ბული“ და ფეტელი შესანიშნავ ფორმაში არიან - ავსტრიულმა გუნდმა ზედიზედ მესამედ დაიკავა მოწინავე სასტარტო რიგი. ფეტელს წინა სამი რბოლა აქვს მოგებული, რისი წყალობითაც, ალონსოს ლიდრობა დაათმობინა. და რაც მთავარია, მისი მანქანა შესანიშნავად მუშაობს...
„ვფიქრობ, საქმე გაგვირთულდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩემპიონატისთვის ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ. ვნახეთ, რომ ისინი კვალიფიკაციაზე დომინირებდნენ. მათ უსწრაფესი მანქანა აქვთ და სტარტზე პირველი და მეორე დგანან. მაგრამ როგორც წესი, რბოლებში ჩვენც სწრაფები ვართ ხოლმე. ალბათ გახსოვთ, რომ კორეაში მათზე ზეწოლასაც ვახერხებდით. ასე რომ, უმჯობესია რბოლას დაველოდოთ“, - ამბობს ალონსო, ვინც კვალიფიკაციაში ფეტელს თითქმის ნახევარი წამით ჩამორჩა.
აღსანიშნავია, რომ სანამ კორეაში გამარჯვებით, ფეტელი ლიდერობას დაიბრუნებდა, ალონსო რვა ეტაპის განმავლობაში იყო ლიდერი და თანაც, ყველა მეტოქეს სოლიდური უპირატესობით სჯობდა. ის იმედოვნებს, რომ რაც შეიძლება, მეტ ქულას აიღებს ინდურ ეტაპზე, რაც დარჩენილ სამ ეტაპზე, ტიტულისთვის ბრძოლის შანსებს შეუნარჩუნებს.
„მთავარი მიზანი ისაა, რომ ფინიშს მათზე (რედ ბულის პილოტებზე) ადრე მივაღწიო. ვფიქრობ, ამის რეალური შანსი გვაქვს“, - ამბობს ალონსო, ვისაც იმის იმედი აქვს, რომ მისი „ფერარი“ სავსე ავზებით უფრო კონკურენტუნარიანია, ვიდრე ცარიელით.
აღსანიშნავია, რომ „ფერარიში“ სეზონის მეორე ნახევრის წარუმატებლობებს, აეროდინამიკური მილის არასწორ კალიბრაციას აბრალებენ, რის გამოც, ის სიახლეები ისე კარგად ვერ მუშაობს, როგორც ამ მილში ტესტებისას ჩანს. მარანელოელთა მთავარმა ინჟინერმა ნიკ ტომბაზისმა განაცხადა, რომ წარუმატებლობათა მიზეზი მოძებნილია, რაც საქმის გამოსწორების იმედს იძლევა.
სკუდერია ბოლო ეტაპებისთვის რამდენიმე განახლებას ამზადებს და ალონსო თვლის, რომ ეს მას ფეტელთან ტიტულისთვის ბრძოლაში დაეხმარება. მისი თქმით, ინდური რბოლისთვის „ფერარის“ სიახლეები კი აქვს, მაგრამ არა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მანქანას დაეტყოს. სამაგიეროდ, ბოლო ეტაპებისთვის რამდნიმე უფრო სერიოზული სიახლე იგეგმება. და მათი წყალობით, „რედ ბულთან“ ჩამორჩენა უნდა შემცირდეს.

No comments:

Post a Comment