Saturday, October 27, 2012

„რედ ბული“ ინდოეთშიც ბატონობს

Vettel on India pole as Red Bull dominate
27 ოქტომბერი
ახლა რომ სეზონის დასაწყისი იყოს, ძალიან უინტერესო ჩემპიონატის მოწმენი გავხდებოდით, ჩემპიონატისა, რომელსაც ერთი მოქმედი პირი და 23 სტატისტი ეყოლებოდა. ის ერთადერთი მოქმედი პირი, ისევე როგორც გასულ სეზონში, სებასტიან ფეტელი იქნებოდა. ფეტელი და მისი „რედ ბული“ თავის ედრიან ნიუისთან ერთად. სწორედ ნიუისთან, რადგან სწორედ ამ გენიოსის წყალობით, ბოლო სამ სეზონში „წითელ ხარებს“ ბადალი არ მოეპოვებათ.
ავსტრიულ გუნდს წელს რამდნიმე ტექნიკური სიახლე აუკრძალეს და ამან მათს შედეგებზე უარყოფითად იმოქმედა, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, გუნდის მთავარი ტვინი სრული დატვირთვით ამუშავდა და ფეტელმაც ზედიზედ სამი გამარჯვება გამოაცხო, რითაც ჩემპიონატის ლიდერობა იგდო ხელთ. და სწორედ ნიუის დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ფერნანდო ალონსოსთან სულ რაღაც, 6-ქულიანი უპირატესობის მიუხედავად, გერმანელის ზედიზედ მესამე ტრიუმფში ეჭვი აღარავის ეპარება...

ამხელა შესავალის მიზეზის მიხვედრა ძნელი არ უნდა იყოს - ფეტელმა ინდური ეტაპის კვალიფიკაცია მოიგო. ერთადერთი, ვინც მას მეტოქეობა გაუწია, მისივე თანაგუნდელი მარკ ვებერია. დანარჩენები „ისვენებენ“. უფრო სწორედ, დანარჩენი ადგილებისთვის იბრძვიან. მათ შორის ალონსოც, ვინც ამჯერად მეხუთე შედეგს დასჯერდა, თუმცა იხტიბარს მაინც არ იტეხს.
„ყველაფერი კარგი, მაგრამ მტავარი ისაა, რომ მანქანა შესანიშნავად მუშაობს. ბიჭები ძალიან მაგრად მუშაობენ. მაგრამ ხომ იცით, რბოლებში ყველაფერი ხდება. ასე რომ, არა მგონია, დღევანდელი შედეგი რამეს ნიშნავდეს“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც შარშან, პირველად გამართული უნდური რბოლა პოულიდან მოიგო. ამჯერად კი კარიერაში 35-ე კვალიფიკაციის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ კვალიფიკაციის სამივე მონაკვეთში, გასახურებელი და შენელების წრეების ჩათვლით, ფეტელმა მხოლოდ 13 წრე გაიარა. შედარებისთვის, მეხუთე დროის საჩვენებლად, ალონსოს 21 წრე დასჭირდა, ლუის ჰამილტონმა კი, ვინც კვალიფიკაცია მესამე შედეგით დაასრულა, 23 წრე გაიარა. ეს სტატისტიკა იმითაა საინტერესო, რომ ფეტელის და „რედ ბულის“ თავდაჯერებულობაზე მიანიშნებს. თანაც, გერმანელმა რბოლი რეზინი ყველაზე ნაკლებად გაცვითა, რაც რბოლაში შეიძლება (თუ გაუჭირდა) გამოადგეს.
ზედიზედ მეორე პოულის რეალური შანსი ჰქონდა ვებერს, ვინც კორეაში შეძლო კვალიფიკაციის მოგება. მაგრამ მესამე მოსახვევში დაშვებული შეცდომის გამო, ამჯერად მეორე ადგილს დასჯერდა. „რედ ბულისთვის“ მთავარი კი ისაა, რომ მისმა მრბოლებმა, ზედიზედ მესამე რბოლის მოწინავე პოზიციიდან დაწყების უფლება მოიპოვეს. ნარბოლევს ავსტრალიელმა განაცხადა, პოულის შანსი კი მქონდა, მაგრამ მეორე შედეგით მაინც გაოცებული ვარო...

ინდოეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:25.283
2. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:25.327
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:25.544
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:25.659
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:25.773
6. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:25.857
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:26.236
8. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                           1:26.360
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:26.713
10. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   დროის გარეშე
- - - - - - - - - -
11. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:26.136
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:26.241
13. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:26.331
14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:26.574
15. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:26.777
16. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:26.989
17. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:27.219
- - - - - - - - - -
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:27.525
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:28.756
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:29.500
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:29.613
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:30.592
23. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:30.593
24. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)               1:30.662

No comments:

Post a Comment