Sunday, November 18, 2012

ჰამილტონი საკუთარი სისწრაფით გაოცებულია


Hamilton surprised to be so close to Vettel
18 ნოემბერი
ლუის ჰამილტონის აღიარებით, ის არ ელოდა, რომ „რედ ბულის“ მრბოლების სისწრაფეს მიუახლოვდებოდა. „მაკლარენის“ პილოტი ერთადერთია, რომელმაც პოულის მომგებ სებასტიან ფეტელს კვალიფიკაციაში მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და საბოლოოდ, მას მხოლოდ 0.109 წამით ჩამორჩა.

„ძალიან, ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს შევძელი. კვალიფიკაციის მეორე ნაწილის შემდეგ, ისინი ჩვენზე გაცილებით სწრაფები იყვნენ. დაახლოებით წამით გვჯობდნენ. არ ვიცი, ამდენი როგორ ამოვქაჩე. უბრალოდ, მესამე ნაწილში, რაც შემეძლო, მივაწექი. და ყველაფერი გამომივიდა. ბოლო სექტორს ალღო ავუღე და აქაც დრო შევამცირე. ზედზედ ორი წრე გავიარე და ჩემდა გასაოცრად, მეორე უფრო სწრაფი გამოვიდა. ეს წრე, მის ყველა ნაწილში ზღვარზე გავიარე. ვფიქრობ, დაახლოებით წამის მეათედი ბოლო მოსახვევში დავკარგე. მასში ოდნავ სწრაფად შევედი, რამაც გამოსასვლელში სიჩქარე დამაკარგვინა. და მაინც, ძალიან, ძალიან გახარებული ვარ იმით, რაც შევძელი“, - ყვება ჰამილტონი.
მაგრამ ბრიტანელი დასძენს, რომ სტარტზე ტრასის ჭუჭყიან მხარეს მოუწევს დადგომა, რაც არახელსაყრელია: „პირველი მოსახვევის შიში არ მაქვს. უფრო ის მაფიქრებს, რომ სტარტზე, ტრასის ჭუჭყიან მხარეს ვდგები. მესამე პრაქტიკის დროს, აქედან სტარტის აღება ვცადე და ძალიან სრიალა ზედაპირი იყო. პირველი მოსახვევი კი ძალიან განიერია და არამგონია, იქ რამე მოულოდნელი მოხდეს“.

No comments:

Post a Comment