Wednesday, June 10, 2009

”ფიატს” ”კრაისლერის” ყიდვის უფლება დაუბრუნეს

10 ივნისი

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ საბოლოოდ დაამტკიცა ”ფიატსა” და ”კრაისლერს” შორის გაფორმებული გარიგება, რომლის მიხედვითაც, ამერიკული კომპანია იტალიელი პარტნიორის ხელში გადადის. ამგვარად, ”კრაისლერი” გააგრძელებს გაკოტრების რეჟიმში რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც, იურიდიულად ახალი კომპანიის სახელით დარეგისტრირდება.

ახალ კომპანიაში 68-პროცენტიან წილს სმერიკული ავტოპროფკავშირების ჯანდაცვის შტო მიიღებს, რაც მას 2 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ”ფიატს” აქციების 20 პროცენტი გადაეცემა, დარჩენილ 12 პროცენტს კი აშშ-ის და კანადის მთავრობები გაინაწილებენ.

გარიგება რამდენიმე დღის წინ შტატ ინდიანას საპენსიო ფონდებმა და ”კრაისლერის” იმ დილერებმა გაასაჩივრეს, რომლებსაც გაკოტრებულმა ”კრაისლერმა” კონტრაქტები გაუუქმა (გაკოტრების კანონი ამის უფლებას აძლევდა). მომჩივანები ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ გაკოტრებული კომპანია მეტისმეტად სწრაფად მოქმედებს და ასეულობით სადილერო პუნქტს საჭიროების გარეშე ხურავს, რითაც გაკოტრების პრინციპებს არღვევს.

აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ საჩივრები უარყო, რაც მოსალოდნელიც იყო. სხვათა შორის, ”ფიატზე” მიყიდვის გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვვაში, ”კრაისლერს” გარანტირებული ჰქონდა სრული ლიკვიდაცია, რაც გაცილებით მეტ პრობლემას მოუტანდა როგორც დილერებს, ასევე პროფკავშირებს და მთლიანად სახელმწიფოს.

პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ რეკომენდაციით მიმართა უმაღლეს სასამართლოს, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ სასამართლო პროცესის გაჭიანურება უარყოფითად იმოქმედებდა კომპანიის გადარჩენის პროცესზე და ურჩია მას, ”კრაისლერის” გაყიდვის ნებართვა გაეცა.

გაკოტრების პროცესში, ”კრაისლერს” ყველა საწარმო გაჩერებული აქვს, სადაც ათასობით ნაწილობრივ აწყობილი ავტომობილი, აგრეგატი და სხვადასხვა კომპონენტი ქარხნის ამუშავებას ელოდბა. საერთო ჯამში, ექსპერტთა დაანგარიშებით, ყოველი გაცდენილი სამუშაო დღე ”კრაისლერს” 100 მილიონი დოლარი უჯდება.

მოსალოდნელია, რომ 15 ივნისს რეგისტრაციას გაივლის ახალი კომპანია - ”კრაისლერის” ჯგუფი, რომელიც გაჩერებულ საწარმოებს მაშინვე აამოქმედებს.

No comments:

Post a Comment