Wednesday, June 10, 2009

ეკლსტოუნი იმუქრება

Formula 1

10 ივნისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს მრავალმილიონიანი ჯარიმების გადახდა მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ფ1-ის ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებას გაბედავენ და სპონსორებისა და ტელეკომპანიების გადაბირებას ეცდებიან.

ბრიტანულ გამოცემა ”დეილი ექსპრესის” ცნობით, გუნდებს მუქარა ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა გამგებელმა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარმა იმპრესარიო ბერნი ეკლსტოუნმა შეუთვალა. გაზეთის ინფორმაციით, ხუთ გუნდს, რომელთა შორისაცაა ”ფერარი”, ბერნის კომპანია FOM-თან (ფორმულა ვან მენეჯმენტ) კონტრაქტი აკავშირებს და ეკლსტოუნი არაორაზროვნად აცხადებს, რომ ამ კონტრაქტების დარღვევას არაფრით დაუშვებს.

”თუ ისინი საკუთარი ჩემპიონატის ორგანიზებას გაბედავენ, საკუთარ თავს უამრავ პრობლემას შეუქმნიან. თუმცა, არა მგონია, რომ მათ ეს შეძლონ. დავივიწყოთ, რომ მათ ჩემთან კონტრაქტები აქვთ. მაგრამ თუ ისინი გაბედავენ და ჩემს პარტნიორ კომპანიებსა და ტელეკომპანიებს გადაბირებას დაუპირებენ, ამას ძალიან სერიოზულ გამოწვცევად მივიღებ. ეს იქნება არსებული კონტრაქტების დარღვევის მცდელობა, რაც ჩემთვის უაღრესად მიუღებელია. ამის უფლებას არავის მივცემ. მათს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელებს შევიტან და ასეულობით მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოვითხოვ”, - იმუქრება ეკლსტოუნი.

”ფერარის” გარდა, იმ ხუთ გუნდს შორის, რომლებსაც მასთან კონტრაქრები აქვთ, ”რედ ბულს”, ”ტორო როსოს”, ”უილიამსსა” და ”ფორს ინდიას” მოიაზრებს. ამათ ფ1-ის ჩემპიონატში 2012 წლამდე მონაწილეობის ვალდებულება აქვთ აღებული. იტალიური გუნდი ირწმუნება, რომ მისი კონტრაქტი დარღვეულია და ეს მაშინ მოხდა, როცა მომავალი სეზონის რეგლამენტი ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეიცვალა. ასე რომ, მარანელოში მიაჩნიათ, რომ ყოველგვარი ვალდებულებისგან თავისუფალნი არიან.

ამაზე ეკლსტოუნი შემდეგს ფიქრობს: ”მათ ჰგონიათ, რომ ჩემთან კონტრაქტი აღარ აკავშირებთ. იმ გუნდების გარდა, რომლებსაც კონტრაქტები აქვთ, კიდევ ორი გუნდი - ”ბეემვე” და ”ტოიოტა” არ იჩქარებენ წასვლას. ამ ორი კომპანიის დირექტორთა საბჭოები მუდმივად ჩვენი სპორტის სიძვირეზე წუწუნებენ და არ მგონია, მილიონები გადაყარონ იმ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, რომელსაც საერთაშორისო ფედერაციასთან საერთო არაფერი აქვს. და ესეც რომ არა, ჩემპიონატის ორგანიზება მეტად ძვირი სიამოვნებაა”.

ბერნი ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ გუნდებს ასპარეზობა ფაქტობრივად უფასოდ უწევთ - ისინი ტრასების დასაქირავებლად ცენტსაც კი არ იხდიან. პირიქით, ტრასები ყიდულობენ რბოლების ჩატარების უფლებას. გუნდები კი თავიანთი სპონსორეპის რეკლამირებას ფაქტობრივად უფასოდ ახერხებენ. ამ დროს მათ უზარმაზარი ტელეაუდიტორია ჰყავთ. ყველაფერ ამას კი არსებული კონტრაქტები უზრუნველყოფს. ბოლოს კი, ტელეკომპანიბიდან შემოსული თანხის დიდი ნაწილიც გუნდებსვე უნაწილდებათ.

”რაც შეეხება პილოტებს, მათ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება სურთ და არა რაღაც გაუგებარ ჩემპიონატში, რომელსაც ღმერთმა იცის, როგორი მომავალი აქვს. შესაძლოა, მათგან ვინმე მაინც გადავიდეს ალტერნატიულ ჩემპიონატში, უფრო მეტი ხელფასიც მიიღოს და ამით კმაყოფილი დარჩეს, მაგრამ ეს ფ1-ის ტიტული არ იქნება და მისი გამარჯვებაც ფასს დაკარგავს. მოკლედ, არ მგონია, რომ ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზევას შეძლებენ”, - დასძენს ბერნი და იმასაც იხსენებს, რომ გუნდებს 1998 წელს ”თანხმობის ხელშეკრულების” იმ ვერსიის გაფორმება შეეძლოთ, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მაქს მოსლის მათ გარეშე რეგკამენტის შემუშავების უფლება არ ექნებოდა. მაგრამ მათ ეს შანსი არ გამოიყენეს...

No comments:

Post a Comment