”ბეემვე” თანამშრომლებს თავისი ავტომობილების შეძენა ურჩევს
21 ივნისი
მართალია, პრემიუმ სეგმენტში გაყიდული ავტომობილების რაოდენობის მხრივ, ”ბეემვე” გამოკვეთილი ლიდერია, მაგრამ გლობალური კრიზისი ბავარიულ კომპანიასაც აზარალებს - მისი გაყიდვები კლებულობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი კომპანიამ რამდენიმე ღონისძიება დასახა.
რამდენიმე დღის წინ, იმ თანამშრომლებს, რომლებიც სხვა ფირმების ავტომობილებით გადაადგილდებიან, დაურიგდათ სპეციალური შეთავაზებები, რომლებითაც კომპანიის ხელმძღვანელობა მათ საკუთარი წარმოების ავტომობილების შეძენას ურჩევს. როგორც გაირკვა, მიუნხენის ქარხნის ავტოსადგომზე, სხვა მარკის მქონე 7 000-ზე მეტი ავტომობილი დგას.
ეს ინფორმაცია ჯერ პრესაში გავრცელდა, რის შემდეგაც, მისი სისწორე სააგენტო ბლუმბერგს ”ბეემვეს” პრესმდივნმა ალექსანდერ ბილგერიმ დაუდასტურა. მისი თქმით, ამგვარი აქციით, კომპანიის თანამშრომლებში პატრიოტული გრძნობა გაიღვიძებს და ისინი თავს კომპანიის მნიშვნელოვან ნაწილად იგრძნობენ.
”ასეთ მოწოდებაში ცუდი არაფერია. თქვენ ჩვენთან მუშაობა მოგწონთ. თქვენ საკუთარ შრომას და შემოსავალს უფრთხილდებით, მაგრამ რატომღაც, კონკურენტის ავტომობილს ყიდულობთ” - წერია თანამშრომლებისადმი გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც ხელს კომპანიის გაყიდვების შეფი იან რობერტსონი, ”ბეემვეს” საშტატო დეპარტამენტის უფროსი ჰარალდ ჯრუგერი და პროფკავშირის ხელმძღვანელი მანფრედ შოხი აწერენ.
გერმანიის მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები ქვეყანაში ახალი ავტომობილების გაყიდვების დონის შენარჩუნებას ხელს კი უწყობს, მაგრამ ამით პირველ რიგში ის კომპანიები ხეირობენ, რომლებიც შედარებით იაფფასიან ავტომობილებს აწარმოებენ. ”ბეემვეს” ჯგუფში შემავალი კომპანიების (ბეემვე, მინი და როლს როისი) გაყიდვები წლის პირველ ხუთ თვეში 21%-ით, 488 000 ავტომობილამდე შემცირდა.
No comments:
Post a Comment