Saturday, June 13, 2009

”პეჟო 308 RC Z” ტესტირებას გადის

Peugeot 308 RC Z

13 ივნისი

ინტერნეტ გამოცემა Carscoop.blogspot.com გვატყობინებს, რომ ფრანგული კომპანია ”პეჟო” უკვე შეუდგა თავისი ახალი სპორტული კუპეს, 308 RC Z-ს საგზაო ტესტირებას. ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია პირველად ორი წლის წინ, ფრანკფურტის ავტო შოუზე გამოჩნდა და გამოფენის დამთვალიერებელთა მოწონება დაიმსახურა. თუმცა, მისი წარმოების დაწყება მაინც გაჭიანურდა.

Carscoop-ის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან, რომელიც კამუფლირბული ავტომობილის ტესტირების დროსაა გადაღებული, კარგად ჩანს, რომ გარეგნულად, კონცეპტუალური ვერსიისგან ის თითქმის არ განსხვავდება.

წინასწარი მონაცემებით, ჰეჩბეკ 308-ს მოდერნიზებულ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები აქვს. კუპეს ჩასაჯდომი ფორმულაა 2+2, თუმცა რეალურად, მასში მხოლოდ ორი სრულფასოვანი ადგილია. საბაზო ჰეჩბეკთან შედარებით, კუპეს ბორბლების გაგანიერებული კვალი აქვს. ასევე შეცვლილია (უფრო გასპორტულებულია) საჭის მექანიზმი.

რაც შეეხება აგრეგატებს, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ კუპეს ტოპ ვერსია 4-ცილინდრიანი 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება, რომელსაც მყიდველს ფორსირების ორი დონით მიაწვდიან. შესაბამისად, ძრავის სიმძლავრე 150, ან 163 ცხენის ძალა იქნება. ძრავს თავიდან მხოლოდ მეანიკური კოლოფი შეუწყვილდება, თუმცა მოგვიანებით, მყიდველს ავტომატურ კოლოფსაც შესთავაზებენ.

ახალი კუპეს მსოფლიო პრემიერა სექტემბერში, ფრანკფურტის ავტო შოუზე გაიმართება, მაშინვე გამოცხადდება ახალი ავტომობილის სახელი. ავტომობილის გაყიდვები კი მერმის, მაისში დაიწყება. ავტომობილის სავარაუდო ფასი კი 20 ათას ევროზე მეტი იქნება.

No comments:

Post a Comment