Sunday, June 14, 2009

ლე მანზე ფორმულა ერთის გუნდებს იწვევენ

Formula 1

14 ივნისი

იმ დროს, როდესაც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს ულტიმატუმებს უყენებს და პრობლემებს უქმნის, ამავე გუნდებს ლე მანის 24-საათიანი რბოლის ორგანიზატორები თავისთან იწვევენ.

ლე მანის რბოლის ორგანიზატორის, კლუბ ”აუტომობილ კლუბ დე ლ'ოუესტის” (ACO - დასავლეთის საავტომობილო კლუბი) გენერალური მენეჯერი რემი ბრუარი ამბობს, რომ თავის რბოლაზე ასპარეზობის უფლებას დიდი სიამოვნებით მისცემს ფ1-ის იმ გუნდებს, რომლებიც ამას ისურვებენ.

”განსაზღვრული არაფერი მაქვს, რაც მეტი გუნდი გადმოვა ჩვენთან, მით უკეთესი. მათ აქ სიამოვნებით მიიღებენ. თუ ისინი თავიანთ პირობებს შემოგვთავაზებენ, ჩვენ აუცილებლად მოვუსმენთ”, - ინგლისურ ჟურნალ ”აუტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა ბრუარმა.

შესაძლოა, დამთხვევაა, რომ ლე მანის რბოლის სტარტს გუშინ ”ფერარის” პრეზიდენტი ლუკა კორდერო დი მონტეძემოლოც დაესწრო, რომელმაც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ თუ ფედერაცია დათმობაზე არ წავა, მისი გუნდი მერმის სტარტზე არ გამოვა.

სხვათა შორის, რამდენიმე წლის წინ, მსგავსი განხეთქილება ინდი კარშიც მოხდა, რის შემდეგაც, ორი მეტოქე სერია - ინდი რეისინგ ლიგა (იგივე ინდი კარი) და ჩემპ კარის სერია (CART) ჩამოყალიბდა. სერთო ჯამში, ამით ორივემ იზარალა - მაყურებელი ორივეს მოაკლდა. სამაგიეროდ, მეტოქე ნასქარ-ის სერიამ იხეირა, რომელსაც ტრიბუნებზე დასწრებაც გაეზარდა და ტელეაუდიტორიაც. წელს ინდი კარი კვლავ გაერთიანდა, მაგრამ პოპულარობით ნასქარ-ს მაინც ვერ უტოლდება.

ეს მწარე გაკვეთილი ფორმულა ერთის მოდავე მესვეურებისთვის ადაოდ გასათვალისწინებელია. მეორე მხრივ კი, როგორც უნდა დასრულდეს ეს დაპირისპირება, ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო იქნება, თუ ფ1-ის ტოპ გუნდები ლე მანის რბოლას დაუბრუნდებიან. ცნობისათვის, ერთ დროს, სარტეს ავტოდრომზე ”მაკლარენის” და ”ფერარის” გუნდებიც ბრწყინავდნენ, ავტოსპორტის კომერციალიზაციამ კი მათ იქ ასპარეზობის სურვილი გაუქარწყლა. დღეს კი, სარტეს ავტოდრომზე ლეგენდარულ დღეღამურ რბოლაზე ”აუდის” (სურათზე) და ”პეჟოს” დიზელისძრავიანი ბოლიდები დომინირებენ...

No comments:

Post a Comment