Sunday, June 14, 2009

”პეჟო” ამ ტრიუმფს 16 წელი ელოდა
მარკ ჟენე გამარჯვებას ზეიმობს
გამარჯვებული ეკიპაჟის სამეული (მარცხნიდან): ესპანელი მარკ ჟენე, ავსტრიელი ალექს ვურცი და ბრიტანელი დევიდ ბრებჰემი
ამჯერად ”პეჟო” ”აუდიზე” სწრაფიც იყო და გამძლეც
..................................................................................

”პეჟომ” ”აუდის” ბატონობა დაასრულა

Le Mans 24 Hour

14 ივნისი

”პეჟოს” საქარხნო გუნდის ტრიუმფით დასრულდა ლე მანის ლეგენდარული 24-საათიანი რბოლის 77-ე ასპარეზობა. ფინიშზე პირველი ორი ადგილი ფრანგული გუნდის ეკიპაჟებმა დაიკავეს. ლე მანზე ეს ”ლომების” პირველი გამარჯვებაა 1993 წლის შემდეგ, რითაც მათ გერმანული ”აუდის” 5-რბოლიანი გამარჯვებათა სერია შეწყვიტეს.

გამარჯვებული აკიპაჟი ფინიშთან ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტმა, ესპანელმა მარკ ჟენემ მიიყვანა. ამავე ეკიპაჟით, მის გარდა ასევე იასპარეზეს ფორმულა ერთის ყოფილმა პილოტებმა - ავსტრიელმა ალექს ვურცმა და ბრიტანელმა დევიდ ბრებჰემმა, ვინც ფ1-ის სამგზის ჩემპიონის, ავსტრალიელი ჯეკ ბრებჰემის შვილია.

გამარჯვებულმა ეკიპაჟმა 24-საათში 382 წრის, ანუ 1631.904 კილომეტრის გავლა მოასწრო.

ვურცისთვის ეს ლე მანზე მეორე ტრიუმფია. პირველად სარტეს ტრასაზე მან 1996 წელს, ”ჯოესტ პორშეს” სპორტული პროტოტიპით გაიმარჯვა. ბრებჰემისთვის და ჟენესთვის კი ეს აბსოლუტურ ჩათვლაში პირველი ტრიუმფია.

მეორე ადგილზეც ”პეჟოს” ეკიპაჟი გავიდა, რომლის ტურბოდიზელიან ბოლიდსაც (პეჟო 908 HDi FAP) ფორმულა ერთის მოქმედი პილოტი, ფრანგი სებასტიან ბურდე, ასევე მისი თანამემამულეემი - სტეფან სარაზენი და ფრანკ მონტანი მართავდნენ. რბოლის დასაწყისში, სწორედ ეს ეკიპაჟი ლიდერობდა, თუმცა ღამით მათ მცირე ინციდენტი შეემთხვათ, რის გამოც ბოქსში რემონტზე შეყოვნება მოუწიათ.

აღსანიშნავია, რომ ”პეჟოს” ბოლიდები ლე მანის რბოლის საკვალიფიკაციო ეტაპს ბოლო სამი წელია იგებენ, მაგრამ წინა ორ რბოლაში გამარჯვება მათს მთავარ მეტოქეს - გერმანულ ”აუდის” რჩებოდა. ამ ორ გუნდს შორის განსაკუთრებით დრამატული პაექრობა შარშან გაჩაღდა, როცა უფრო სწრაფმა ფრანგებმა, ტექნიკური პრობლემების გამო, გამარჯვება მეტოქეებს დაუთმეს.

ამჯერად ”აუდის” საუკეთესო ეკიპაჟი მესამე ადგილს დასჯერდა. მის საჭეს დანიელი ტომ კრისტენსენი, იტალიელი რინალდო კაპელო და შოტლანდიელი ალან მაკნიში მართავდნენ. ცნობისათვის, ბოლო ათ წელიწადში, ”აუდის” ეკიპაჟებმა რბა რბოლის მოგება შეძლეს. რვავე შემთხვევაში, ტრიუმფატორი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კრისტენსენი იყო.

სტარტზე გამოსული 55 ეკიპაჟიდან ფინიშს 34-მა უწია. რბოლის დროს რამდენიმე ავარია მოხდა, რომელთაგან ყველაზე დილის 4 საათის ინციდენტი იყო, რომლის დროსაც, ძლიერ დაიმტვრა ცნობილი ფრანგი ავტომრბოლისა და გუნდის მეპატრონე ანრი პესკაროლოს ”პეჟო”. ინციდენტი იმდენად სერიოზული იყო, რომ ტრასაზე სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები გამოიძახეს. საბედნიეროდ, ფრანგი პილოტი ბენუა ტრელიუ განსაცდელს გადაურჩა. თუმცა ის სამედიცინო პუნქტში მაინც გადაიყვანეს.

მეოთხე ადგილს დასჯერდა ”ლოლას” შასით მოასპარეზე ”ასტონ მარტინის” გუნდი. ინგლისური კომპანია წელს ლე მანზე პირველი გამარჯვებიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავსდა მიუხედავად იმისა, რომ კვარცხლბეკზე ასვლა ვერ შეძლო, მისი ხელმძღვანელობა შედეგით მაინც კმაყოფილი დარჩა.

LMP2 კლასში გამარჯვება გუნდ ”ესექსის” ეკიპაჟმა (ფრანგი ემანუელ კოლარი, დანიელი კასპერ ელგაარდი, დანიელი კრისტიან პოულსენი) მოიპოვა, რომელიც ღია პროტოტიპ ”პორშე RS სპაიდერით” ასპარეზობდა. აბსოლუტურში ეს ეკიპაჟი მეათე ადგილს დასჯერდა და გამარჯვებულ ეკიპაჟს 24 წრით ჩამორჩა.

ლე მანის 24-საათიანი რბოლის შედეგები

სარტეს ბუგატის სახელობის ტრასა

ტრასის სიგრძე 4.272 კმ

1. პეჟო სპორტ ტოტალი-პეჟო 908 HDi FAP (ბრებჰემი, ჟენე, ვურცი, LMP1) 382 წრე (1631.904 კმ)

2. პეჟო სპორტ ტოტალი-პეჟო 908 HDi FAP (ბურდე, მონტანი, სარაზენი LMP1) 381

3. აუდი სპორტ ტიმ ჯოსტი-აუდი R15 TDI (კაპელო, კრისტენსენი, მაკნიში, LMP1) 376

4. AMR ისტერნ იუროპი-ლოლა-ასტონ მარტინ B09/60 (ჩაროუზი, ენგე, მუკე, LMP1) 373

5. ტიმ ორეკა მატმუტ AIM-ორეკა 01-AIM (პანისი, ლაპიერი, აიარი, LMP1) 370

6. პეჟო სპორტ ტოტალი-პეჟო 908 HDi FAP (მინასიანი, ლამი, კლინი, LMP1) 369

7. კოლესი-აუდი R10 TDI (ცვოლსმანი, კართიკეიანი, ლოტერერი, LMP1) 369

8. პესკაროლო სპორტი-პესკაროლო-01-ჯად (ტინსო, ჟუანი, ბარბოსა, LMP1) 368

9. კოლესი-აუდი R10 TDI (ალბერსი, ბაკერუდი, მონდინი, LMP1) 360

10. ტიმ ესექსი-პორშე RS სპაიდერი (ელგაარდი, პოულსენი, კოლარი, LMP2) 357

11. სიგნეჩა პლუსი-კურაჟ ორეკა LC70E-ჯად (რაგუსი, მაილო, ანდრე, LMP1) 344

12. სპიდი რეისინგ ტიმ სება-ლოლა B08/80-ჯად (ლოინბერგერი, პომპიდუ, კანე, LMP2) 343

13. ასტონ მარტინ რეისინგი-ლოლა-ასტონ მარტინ B09/60 (დევიდსონი, ტარნერი, ფერსტაპენი, LMP1) 342

14. სპიდი რეისინგ ტიმ სება-ლოლა B08/80-ჯად (ბელიჩი, პროსტი, ჯანი, LMP1) 342

15. კორვეტ რეისინგი-კორვეტ C6.R (ო'კონელი, მაგნუსენი, გარსია, GT1) 342...

No comments:

Post a Comment