Sunday, June 14, 2009

”სააბს” ”კიონიგსეგი” იყიდის

Saab

14 ივნისი

შვედურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შვედურ ავტოკომპანია ”სააბს” ”ჯენერალ მოტორსისგან” სუპერავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია ”კიონიგსეგისა” და ნორვეგიული საინვესტიციო კომპანიების კონსორციუმი გამოისყიდის. იმავე ინფორმაციით, მხარეებს შორის უკვე გაფორმებულია განზრახულობათა შეთანხმება.

ჯერ კიდევ თებერვალში, ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ ”სააბს” დაფინანსებას 2010 წლის 1 იანვრიდან შეუწყვეტდა და შვედურ კომპანიას თავისუფლად მოქმედების საშუალებას მისცემდა. ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ”სააბი” დამოუკიდებელი კომპანია გახდებოდა (თუ აქციების კუთვნილებას არ გავითვალისწინებთ).

საქმეში ჩახედული ექსპერტები აცხადებენ, რომ ”ჯენერალ მოტორსი” და ”სააბის” მყიდველი ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებენ. კრედიტორებისადმი წარდგენილ გეგმაში, ”სააბს” უწერია, რომ გაკოტრების რეჟიმში რეორგანიზაციის დროს, არაპრიორიტეტული დებეტის სამი მეოთხედიჩამოიწერება. ამ გეგმით, ”სააბი” ორ წელიწადში მომგებიან ბიზნესზე გადავა.

გარკვეული შეთანხმების მიუხედავად, ”ჯენერალ მოტორსსა” და ”სააბს” შორის დეტალებზე მოლაპარაკება ჯერაც გრძელდება. ამასთან, ”სააბის” პრესმდივანმა გუნილა გუსტავსმა განაცხადა, რომ ”კიონიგსეგის” გარდა, მისი კომპანიის შეძენის სურვილი კიდევ ორ ამერიკულ კომპანიას აქვს.

სხვათა შორის, იმ შემთხვევაში, თუ ”ოპელს” იყიდდა, ”სააბის” შეძენას ”ფიატიც” გეგმავდა, მაგრამ რაც გერმანული კომპანია კანადურ ”მაგნას” ერგო, ტურინელებს შვედური კომპანიის შესყიდვის სურვილი გაუქრათ.

ცოტა ხნის წინ, შვედეთის მთავრობისა და რამდენიმე კერძო ინვესტორისგან, ”სააბმა” 3.23 მილიარდი დოლარის სესხი და სასესხო გარანტია მიიღო, რაც მას განვითარების საშუალებას აძლევს. კერძოდ, შემდგომ წელიწადნახევარში კომპანია სამი ახალი მოდელის წარმოების დაწყებას გეგმავს.

სურათზე: სუპერავტომობილების მწარმოებელი ”კიონიგსეგი” მასზე გაცილებით დიდი ”სააბის” შეძენას ცდილობს.

No comments:

Post a Comment