Sunday, June 14, 2009

”ბეემვე ზაუბერი” წინსვლას გააგრძელებს

Formula 1

14 ივნისი

სტამბულის რბოლამ ”ბეემვე ზაუბერის” აშკარა პროგრესი დაგვანახა, თუმცა გუნდის შეფი მარიო თაისენი აცხადებს, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია და რომ წინსვლა მომდევნო ეტაპზე - ბრიტანეთის დიდ პრიზზეც გაგრძელდება. თურქულ რბოლაში გერმანულ-შვეიცარიული საჯინიბოს ბოლიდებზე ორმაგი დიფუზორები გამოჩნდა, სილვერსტოუნისთვის კი, თაისენის თქმით, მათ კიდევ რამდენიმე ახალი აეროდინამიკური ელემენტი დაემატება.

”სილვერსტოუნისთვის ჩვენ დიდი მონდომებით ვემზადებით. პროგრესი, რომელსაც სტამბულში მივაღწიეთ, მანქანის შემდგომი პროგრესისთვის ბაზისად გამოგვადგება. ორი კვირის წინ, ჩვენ პირველად ვირბოლეთ ორმაგი დიფუზორით და დავრწმუნდით, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ყოველ შემთხვევაში, მანქანამ ქულებისთვის ბრძოლის საშუალება მოგვცა”, - ამბობს თაისენი (სურათზე) და დასძენს, რომ ბოლიდის სრულყოფაზე მუშაობამ უფრო ინტენსიური ხასიათი შეიძინა, რაც სწრაფი წინსვლის იმედს იძლევა.

”სილვერსტოუნისთვისაც რამდენიმე სიახლე გვექნება. პარალელურად, დიფუზორის შემდგომ დახვეწასაც გავაგრძელებთ. ინგლისში ჩვენი მანქანა უფრო ეფექტური და დაბალანსებული იქნება, რაც ჩქაროსნულ მოსახვევებში გზის საფართან ჩაჭიდებას გააუმჯობესებს. ეს სეზონი დასრულებისგან ჯერ საკმაოდ შორსაა და ჩვენ ბრძოლას კვლავაც ვაპირებთ. ყველაფერი წინაა”, - იმედოვნებს თაისენი.

No comments:

Post a Comment