”შევროლე ვოლტი” – 0-100 კმ/სთ აჩქარება 8.5 წამში
Chevrolet Volt
28 ივლისი
”ჯენერალ მოტორსს” თავისი ჰიბრიდული მოდელი ”შევროლე ვოლტი” ბაზარზე ჯერ არ გამოუყვანია, მაგრამ ამ ავტომობილის შესახებ პრესაში იმდენი იწერება, რომ პოპულარობით ის ბევრ სერიულ მოდელს მისცემს ფორას. და მაინც, ”ვოლტის” (გენერლები ამ ავტომობილს ელექტრომობილად მოიხსენიებენ) შესაძლებლობათა შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი.
და აი, ”ჯენერალ მოტორსის” გლობალური პროგრამების მართვის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი იონ ლაუკნერი ამბობს, რომ ”ვოლტს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა დაახლოებით 9 წამში შეუძლია. აჩქარება იმაზეა დამოკიდებული, თუ ავტომობილში რამდენი ადამიანი ზის და რა მოცულობის ბარგი დევს.
”0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 8.5-9 წამი სჭირდება, ეს კი იმაზეა დამოკიდებული, თუ ავტომობილში რამდენი ადამიანი ზის, რა წონის ტვირთი დევს და ასე შემდეგ. ”ვოლტს” კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს - ელექტროძრავები მაქსიმალურ მომენტს წუთში ერთი ბრუნის დროსაც კი ავითარებენ, ამის წყალობით კი, ”ვოლტი” ისევე სწრაფად იძვრის ადგილიდან, როგორც 250-ცხენისძალიანი V6 ძრავით აღჭურვილი სპორტული ავტომობილი. მას ადგილიდან რეზინის ღრჭიალით დაძვრაც კი შეუძლია - ეს მანქანას მე თვითონაც გავაკეთებინე”, - ამბობს ლაუკნერი.
”შევროლე ვოლტს” უკვე საგზაო გამოცდები უტარდება, მაგრამ მისი გავიდვების დაწყების თარიღი ჯერ დათქმულიც არ არის. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ”ჯენერალ მოტორსს” ჯერ მისი შემუშავება არ დაუსრულებია. ლაუკნერის თქმით, ახლა მისი კომპანიის მთავარი საზრუნვი ავტომობილის ფასის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ მიმართულებით, მუშაობა აკუმულატირებსა და ზოგიერთ ელექტრულ კომპონენტზე მიმდინარეობს.
”ჩვენ ახლავე შეგვიძლია ”ვოლტის” წარმოების დაწყება, მაგრამ ამ ეტაპზე, მისი თვითღირებულების შესამცირებლად ვმუშაობთ. კონკრეტულად კი, ეს აკუმულატორებს, ელექტროძრავს და ელექტრონულ სისტემებს ეხება. პარალელურად კი ელექტრომობილებისთვის საჭირო ტექნოლოგიებიც იხვეწება და ვიმედოვნებთ, რომ ”ვოლტის” გამოშვებამდე, მათი ფასები ჩვენთვის სასურველ დონეზე ჩამოვა”, - დასძენს ლაუკნერი.
ბოლო ინფორმაციით, ”ჯენერალ მოტორსს” ”შევროლე ვოლტის” ევროპაში გაყიდვაც აქვს დაგეგმილი. პირვანდელი გეგმა ამას არ ითვალისწინებდა - ძველი კონტინენტისთვის ”ვოლტის” ბაზაზე დამზადებული ”ოპელ ამპერას” წარმოება იგეგმებოდა. თუმცა ამ ავტომობილს ბაზარზე გამოსვლა ცოტა დაუგვიანდება, თანც ”გენერლები” მალე ”ოპელს” გაყიდვას უპირებენ. ასე რომ, ევროპულ ბაზარზე მათს ინტერესებს ”ვოლტი” დაიცავს.
No comments:
Post a Comment