Tuesday, July 28, 2009

გაიცანით: ”ფერარი 458 იტალია”

Ferrari 458 Italia

28 ივლისი




დღეს ავტოსამყაროს მთავარი მოვლენა ”ფერარის” სრულიად ახალი მოდელის, პოპულარულ F430-ის შემცვლელის, ორადგილიანი ”458 იტალიას” ინტერნეტ პრემიერაა. მწარმოებელი გვაუწყებს, რომ ”458 იტალიას” სახით, ”ფერარიმ” მისთვისაც კი არნახული პროგრესი განიცადა ტექნოლოგიის სფეროში, ავტომობილი უმაღლეს დონეზეა შესრულებული და განსაკუთრებით, გამონაბოლქვში შემცირებული ნახშირორჟანგის შემცველობით გამოირჩევა.

”458 იტალიაზე” ბაზაში დგას 4.5-ლიტრიანი V8 ძრავი, რომელსაც საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება. მისი მაქსიმალური სიმძლავრე 570 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 540 ნიუტონმეტრია. აგრეგატი მაქსიმალურ სიმძლავრეს მუხლა ლილვის 9 000 ბრ/წთ-ზე იძლევა, მაქსიმალურუ მაბრუნი მომენტი კი 6 000 ბრ/წთ-ზე გამომუშავდება. მაქსიმალური მომენტის 80 პროცენტს ძრავი 3 250 ბრ/წთ-ზე აღწევს. საერთო ჯამში, ძრავის ლიტრული სიმძლავრე ლიტრზე 127 ცხენის ძალაა, რაც სამოქალაქო (არასარბოლ) ავტოინდუსტრიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი ნახევრად ავტომატური კოლოფია დაკავშირებული. მისი მეშვეობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 325 კმ/სთ-ს აღწევს, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება კი უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე ავტომობილის სრულ სახელს იტყვით, ანუ 3.4 წამში. ამ მახასიათებლებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შემდეგი მონაცემებია: ავტომობილი 100 კილომეტრს 13.7 ლიტრი ბენზინით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში 320 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ახალი ”ფერარის” გარეგნობა იტალიურ ატელიე ”პინინფარინას” სპეციალისტთა ნახელავია. კომპანიის განსაზღვრებით, ეს არის ახალი სიტყვა ”ფერარის” დიზაინის ისტორიაში. მასში შეხამებულია სტილი, კრეატიულობა, ჟინი და მაღალტექნოლოგიურობა. მაგრამ როგორც ყოველთვის, ”ფერარის” ავტომობილის გარეგნობა მარტო თვალს როდი იზიდავს. ის ფუნქციურიცაა. მაგალითად, ”458 იტალიას” მეტად დახვეწილი აეროდინამიკა აქვს - 200 კმ/სთ სიჩქარეზე, მისი ტანი 140-კილოგრამიან დინამიკურ დატვირთვას უზრუნველყოფს. ნაწილობრივ, ასეთ მახასიათებელს რადიატორის ჰაერამღებებთან მოთავსებული დრეკადი ფრთოვანები (ფორმულა 1-დან გადმოღებული ტექნოლოგია) უზრუნველყოფს, რომლებიც დიდ სიჩქარეზე იღუნებიან და რადიატორების ჰაერამღებების განივკვეთის ფართობს ამცირებენ. ასე კი ჰაერის შემხვედრი ნაკადის წინააღმდეგობას ამცირებენ.

”458 იტალიას” სარბოლ ავტომობილებთან ნათესაობა მის ინტერიერშიც შეინიშნება, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა ფორმულა ერთში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, მიხაელ შუმახერმა მიიღო (საერთოდ, შუმახერი ამ ავტომობილის შექმნის პროცესში პროექტის საწყისი ეტაპიდანვე მონაწილეობდა).

”458 იტალიას” შექმნისას ბლომადაა გამოყენებული ფ1-ის ტექნოლოგიები. განსაკუთრებით, ეს შასისა და ძარის მასალებს ეხება. შედეგად, ავტომობილი 1 380 კილოგრამს იწონის. წონის 42 პროცენტი წინა ღერძზე მოდის, დანარჩენი 58 პროცენტი კი - უკანა ღერძზე. ავტომობილის წინა საკიდარი ორკაპა ჩანგლისებრ გიტარებს ეყრდნობა, უკან კი მრავალბერკეტიანი სისტემაა გამოყენებული.

ახალი ”ფერარის” მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე იგეგმება. მის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია სწორედ იქ გამოქვეყნდება. მისი გაყიდვები კი მერმის დაიწყება.

No comments:

Post a Comment