”მერსედესი” სუპერ ელექტრომობილს გამოუშვებს
all-electric SLS gullwing
13 ივლისი
შესაძლოა, ბევრს არ მოსწონს ის, რომ მალე, საერთო სარგებლობის გზებზე ელექტრომობილები გამოჩნდება, რომლებიც თანდათან ჩაანაცვლებენ გარემოს დამაბინძურებელ შიდაწვისძრავიან ავტომობილებს. და ნუ იდარდებთ იმაზე, რომ ელექტრომობილები სუპერავტომობილების დინამიკას ვერასდროს შესწვდებიან. ჯერ ერთი, ეს მცდარი შეხედულებაა, რომელმაც დღემდე წინა საუკუნის დასაწყისიდან მოაღწია. მეორეც, სუპერავტომობილებს ხომ მხოლოდ უმდიდრესი ადამიანები ყიდულობენ, ასეთები კი ჩვენს შორის, ესე იგი, ამ ბლოგის მკითხველთა შორის ნაკლებად მეგულებიან.
ზემოთ რომ მცდარ შეხედულებაზე მოგახსენეთ, ერთ-ერთმა პირველმა ის კალიფორნიულმა კომპანია ”ტესლამ” გააქარვა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა, ”ლოტუს ელისის” ბაზაზე ელექტრულ სუპერავტომობილს (სახელად როდსტერი) აწარმოებს, რომელიც აშშ-ში იმდენად პოპულარულია, რომ მისი სხვა ბაზრებზე, მათ შორის, ევროპულ ბაზარზე გატანაც გადაწყდა.
და რახან ასეა, მაშინ ავტოინდუსტრიის ვეშაპებს დიდხანს უქმედ ყოფნა როგორ შეეძლოთ. ჰოდა, მათგან პირველები რეაგირებას ”მერსედეს-ბენცი” და მის ჯგუფში შემავალი სატუნინგო კომპანია AMG აპირებენ, რომლებიც სუპერავტომობილ ”SLS AMG გალვინგის” (გალვინგ - თოლიას ფრთა) ბაზაზე ელექტრომობილის გამოშვებას 2015 წელს გეგმავენ.
აღსანიშნავია, რომ ”SLS AMG გალვინგის” წარმოება ჯერ არ დაწყებულა. უფრო მეტიც, ის კონცეპტუალური მოდელის სახითაც კი არავის უნახავს. ტესტირების დროს, მას ძლიერ შენიღბულს პერიოდულად კი უღებენ ფოტოებს, მაგრამ ავტომობილის შესახებ რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ახლახანს კი გერმანულმა გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”SLS AMG გალვინგი” შეიძლება პირველად ფრანკფურტის წლევანდელ მოტორ შოუზე ეჩვენოს საზოგადოებას.
გერმანული ჟურნალის ცნობით, ელექტრომობილი ”SLS AMG გალვინგის” (სურათზე მისი ოფიციალური ესკიზია) ანალოგიურ ძარათი და ”თოლიას ფრთის” ტიპის კარებით შეიმოსება, თუმცაღა სრულიად განსხვავებულ შასიზე აიგება და საკიდარსაც განსხვავებულს მიიღებს, რასაც ელექტრომობილის თავისებურებანი განაპირობებს.
პირველი თავისებურება ისაა, რომ ელექტროძრავები, რომელთა სიმძლავრე 133 ცხენის ძალა იქნება, ოთხ ბორბალში მოთავსდება. შესაბამისად, მათი ჯამური სიმძლავრე 532 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 880 ნიუტონმეტრს მიაღწევს. შედარებისთვის, შიდაწვისძრავიანი ”SLS AMG გალვინგი” 6.3-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 571 ცხ. ძ-ს და 649 ნმ-ს იძლევა. AMG-დან გამოსული ინფორმაციით, ელექტრომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფას 4 წამს მოანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი დაახლოებით 200 კმ/სთ იქნება. სამაგიეროდ, სრულად დამუხტული ლითიუმ-იონური აკუმულატორები მას 150-180 კილომეტრს გაატარებს, მათი სრულად დამუხტვისთვის კი 5-6 საათი იქნება საჭირო.
No comments:
Post a Comment