”დოჯ ვაიპერს” გადარჩენის შანსი მიეცა
Dodge Viper
13 ივლისი
კრიზისის გამო, ”კრაისლერი” თავისი ერთადერთი სუპრავტომობილის - ”დოჯ ვაიპერის” ცალკე ბრენდად გაყიდვას აპირებდა. შარშან, ამერიკულმა კომპანიამ მისი შეძენის მსურველთაგან რამდენიმე წინადადება მიიღო. მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ გაკოტრება გარდაუვალი იქნებოდა, რის გამოც, ”კრაისლერის” მთავარმა აღმასრულებელმა ბობ ნარდელიმ ცოტა ხნით მოცდა ამჯობინა. თუმცა, ნებისმიერ ვარიანტში გადაწყვეტილი იყო, რომ დეტროიტული ქარხანა ”ვაიპერს” დეკემბრიდან აღარ გამოუშვებდა.
მაგრამ რამდენიმე დღის წინ, ”კრაისლერის” ხელმძღვანელობამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სუპერავტომობილ ”ვაიპერ SRT-10-ის” წარმოება აღარ შეწყდება. ”დოჯის” აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ აკავიტიმ განაცხადა, რომ ”დოჯ ვაიპერმა” სუპერავტომობილების მოყვარულთა გულებში ადგილი სამუდამოდ დაიკავა. კომპანია ამაყობს იმით, რომ ეს ავტომობილი პლანეტის სუპერავტომობილების ელიტის წევრი და ”დოჯის” ნამდვილი იკონაა, რომელზეც უარის თქმა დიდი შეცდომა იქნებოდა.
”დოჯ ვაიპერის” კონცეპტუალური ვერსია პირველად ნიუ იორკის 1989 წლის ავტო შოუზე გამოჩნდა, ერთი წლის შემდეგ, კომპანიაში მისი წარმოების გადაწყვეტილება მიიღეს, კიდევ ორი წლის შემდეგ კი მისი გაყიდვები დაიწყო. ახლანდელი ”ვაიპერი” მეოთხე თაობის მოდელია და ის 8.4-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან კი 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ აგრეგატების მეშვეობით, ”ვაიპერ SRT-10” ადგილიდან 100 კმ/სთ-ს 4 წამზე ნაკლებში იღებს, 160 კმ/სთ-მდე კი 12 წამი სჭირდება. ამერიკაში ”ვაიპერის” საბაზო ღირებულება 91 220 დოლარია.
წარმოების დაწყებიდან მოყოლებული, ”კრაისლერმა” სულ 25 000 ”ვაიპერზე” მეტი გაჰყიდა.
No comments:
Post a Comment