უებერის პირველი გამარჯვება
F1-German GP
”მარკ უებერ, შენ დიდი პრიზის გამარჯვებული ხარ. გილოცავთ, შესანიშნავი რბოლა ჩაატარე”, - გამარჯვებულს რადიოთი მიულოცა ”რედ ბულის” შეფმა კრისტიან ჰორნერმა. თავად უებერს ლაპარაკის თავიც აღარ ჰქონდა, ბოქსებისკენ გზაზე სულ ”იეს, იეს” იყვირა, მერე, მანქანიდან ამოსულმა ერთი კიდევ შეუძახა და კვარცხლბეკისკენ გაეშურა.
”ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდოდა გამარჯვება, ახლა კი მეცხრე ცაზე ვარ. ეს დღე არასდროს დამავიწყდება”, - განაცხადა 32 წლის უებერმა, ვისაც ერთ-ერთმა პირველმა მამამ მიულოცა. ამ გამარჯვებით, უებერმა ერთი საინტერესო რეკორდი დაამყარა, რომელიც აქამდე რუბენს ბარიკელოს ეკუთვნოდა. რეკორდი ფ1-ში სადებიუტო რბოლასა და პირველ გამარჯვებას შორის გამოსვლების რაოდენობაა. უებერის შემთხვევაში, ეს რიცხვი 130-ია, ბარიკელომ კი თავისი პირველი გამარჯვება 124-ე რბოლაზე მოიპოვა.
თავის მხრივ, ბრწყინვალე რბოლა ჩაატარა ბარიკელომაც, ვინც სტარტზევე შეძლო უებერის გასწრება, ვისთანაც ერთ მომენტში მცირე შეჯახებაც მოუვიდა. თუმცა, ეს ინციდენტი ორივე პილოტისთვის მანქანის დაუზიანებლად დასრულდა.
საერთოდ, გერმანიის დიდი პრიზი, ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებით ეს სტარტზე ითქმის. მწვანე ნიშანზე, ყველაზე კარგი რეაქცია ბარიკელომ გამოავლინა, კიდევ უფრო სწრაფები კი ”ფერარის” და ”მაკლარენის” პილოტები გამოდგნენ, რომლებმაც ”კერს-ის” დახმარებით, პირველივე მეტრებზე რამდენიმე ადგილით გაიუმჯობესეს პოზიცია. ყველაზე წინ კი მსოფლიო ჩემპიონი ლუის ჰამილტონი გაიჭრა, რომლის ”მაკლარენმაც” პირველ მოსახვევში ყველაზე ადრე ”შეჰყო ცხვირი”, მაგრამ ბრიტანელს მეტისმეტი მოუვიდა - დამუხრუჭება დაუგვიანდა, რის გამოც, მოსახვევში ფართოდ შევიდა და წინ რამდენიმე მანქანა გაუშვა. მერე კი, სასტარტო ქაოსში უკანა მარჯვენა საბურავი გაუსკდა, რის გამოც, ბოქსში შესვლა მოუხდა.
სამაგიეროდ, მესამე პოზიციაზე მისმა თანაგუნდელმა ჰეიკი კოვალაინენმა გადაინაცვლა, რომელსაც კვალში ფელიპე მასა, ბატონი და სებასტიან ფეტელი ჩაუდგნენ.
სასტარტო ინციდენტის გამო, რბოლის სტიუარდებმა უებერი პიტლაინზე საჯარიმო ვიზიტისთვის გამოიძახეს. ავსტრალიელმა ჯარიმა მაშინ მოიხადა, როდესაც ბარიკელო ბოქსში რეზინის შესაცვლელად შევიდა, ხუთი წრის შემდეგ კი თავადაც შეცვალა საბურავები და ტრასაზე დაბრუნებული, მე-7 ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, წინ მყოფების ბოქსში შესვლით ისარგებლა და მალე მეორეზე გადაინაცვლა. თანაც, ბარიკელოსაც წამოეწია.
მეორე პიტ სტოპზე, ბოქსში ბარიკელოს პრობლემა შეექმნა - მისი საწვავით გასაწყობი დანადგარი გაჭირვეულდა, რამაც ბრაზილიელს ბევრი დრო დააკარგვინა. ”რედ ბულის” ორივე პილოტს გაცილებით გვიანი მეორე პიტ სტოპი ჰქონდა, მაგრამ ტრასაზე დაბრუნებული ფეტელი მაინც ”ბრაუნების” უკან, მე-6 ადგილზე აღმოჩნდა. თუმცა, მალე გაირკვა, რომ ბატონს და ბარიკელოს თითო (რბოლაში მესამე) პიტ სტოპი შესასრულებელი ჰქონდათ. ტრასაზე დაბრუნებულები კი მოწინავე სამეულიდან კარგა მოშორებით ამოყვეს თავი და ჩამორჩენის აღმოფხვრაც ვეღარ შეძლეს. საბოლოოდ, ბატონი მე-5 ადგილს დასჯერდა, ბარიკელო კი - მე-6-ს.
მესამე ადგილზე კი ფელიპე მასა გავიდა, რომელსაც ”ფერარის” მიერ შემუშავებულმა ტაქტიკამ კარგი სამსახური გაუწია. ესეც რომ არა, ბრაზილიელმა მთელი რბოლა ბრწყინვალედ ჩაატარა და დამსახურებულად ავიდა კვარცხლბეკზე. მასავით, ასევე გააზრებული ტაქტიკის წყალობით, გერმანელმა ნიკო როსბერგმა მეოთხე ადგილი დაიკავა. თუმცა, რომ არა ”ბრაუნის” მცდარი ტაქტიკა, მასაც და როსბერგიც ორ-ორი ადგილით უკან იქნებოდნენ.
ამგვარად, ბატონმა ჩემპიონატში სოლიდური უპირატესობა შეინარჩუნა. ის ახლა 21 ქულას უგებს უახლოეს მდევარ ფეტელს, ვისაც 1.5 ქულით უებერი ჩამორჩება. კიდევ 1.5 ქულით უკანაა ბარიკელო. ნურბურგრინგზე მოპოვებული მორიგი დუბლით, ”რედ ბულმა” კონსტრუქტორთა პირველობაზე 19.5 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა ლიდერ ”ბრაუნთან”, რომელიც მომდევნო ეტაპებისთვის გაუმჯობესებული მანქანის გამოყვანას გეგმავს.
გერმანიის დიდი პრიზი
ნურბურგრინგი. დისტანცია 308.863 კმ (5.148 კმ - 60 წრე)
პილოტი (გუნდი) დრო (ჩამორჩენა)
1. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:36:43.310 (3)
2. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) + 9.252 (2)
3. ფელიპე მასა (ფერარი) + 15.906 (2)
4. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) + 21.099 (2)
5. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) + 23.609 (3)
6. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) + 24.468 (3)
7. ფერნანდო ალონსო (რენო) + 24.888 (2)
8. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) + 58.692 (2)
9. ტიმო გლოკი (ტოიოტა) + 1:01.457 (1)
10. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) + 1:01.925 (2)
11. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) + 1:02.327 (2)
12. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) + 1:02.876 (2)
13. ნელსინიუ პიკე (რენო) + 1:08.328 (2)
14. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) + 1:09.555 (2)
15. ადრიან სუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) + 1:11.941 (3)
16. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) + 1:30.225 (2)
17. იარნო ტრული (ტოიოტა) + 1:30.970 (3)
18. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) + 1 წრე (2)
გამოთიშნენ
კიმი რაიკონენი (ფერარი) 25-ე წრე (ძრავი)
სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 41-ე წრე (მექანიკა)
უსწრაფესი წრე: ფერნანდო ალონსო - 1:33.365 (49-ე წრე)
პირადი ჩათვლა: 1. ჯენსონ ბატონი 68 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი 47; 3. მარკ უებერი 45.5; 4. რუბენს ბარიკელო 44; 5. ფელიპე მასა 22; 6. იარნო ტრული 21.5; 7. ნიკო როსბერგი 20.5; 8. ტიმო გლოკი 13; 9. ფერნანდო ალონსო 13; 10. კიმი რაიკონენი 10; 11. ლუის ჰამილტონი 9; 12. ნიკ ჰაიდფელდი 6; 13. ჰეიკი კოვალაინენი 5; 14. სებასტიან ბუემი 3; 15. რობერტ კუბიცა 2; 16. სებასტიან ბურდე 2
კონსტრუქტორთა პირველობა: 1. ბრაუნ-მერსდესი 112; 2. რედ ბულ-რენო 92.5; 3. ტოიოტა 34.5; 4. ფერარი 32; 5. უილიამს-ტოიოტა 20.5; 6. მაკლარენ-მერსედესი 14; 7. რენო 13; 8. BMW-ზაუბერი 8; 9. ტორო როსო-ფერარი 5
No comments:
Post a Comment