Monday, July 27, 2009

”ჯენერალ მოტორსს” ”ოპელის” გამოსყიდვის საშუალება მიეცემა

Opel

27 ივლისი

იმ შემთხვევაში, თუ ”ოპელს” ბელგიური საინვესტიციო კონსორციუმი ”RHJ ინტერნეიშნლი” შეიძენს, გერმანული კომპანიის რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ, ”ჯენერალ მოტორსს” მისი უკან გამოსყიდვის საშუალება მიეცემა. როიტერთან საუბრისას, ”RHJ ინტერნეიშნლის” ხელმძღვანელობამ ამის მიზეზად ის გარემოება დაასახალა, რომ ”ოპელს” ”ჯენერალ მოტორსის” გარეშე არსებობა არ შეუძლია.

”მოდით, ვიყოთ პრაგმატულები - ეს კომპანია ”ჯენერალ მოტორსის” გარეშე ვერ იმუშავებს”, - გამოცემა ”ფრანკფურტერ ალგემაინე ზონტაგცაიტუნგთან” საუბრისას განაცხადა ბელგიური კერძო საინვესტიციო ჯგუფის მთავარმა აღმასრულებელმა ლეონჰარდ ფიშერმა.

ერთი კვირის წინ, ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ ”ოპელის” გაყიდვაზე მოლაპარაკებას ორ კომპანიასთან - კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლთან” და ”RHJ ინტერნეიშნლთან” აგრძელებს, რითაც ირიბად მიანიშნა, რომ გერმანული კომპანიის ყიდვის მსურველთა რიგებს ჩინური ”შანჰაი აუტომოტივი” გამოეთიშა.

”ოპელის” გაყიდვის საქმეში ”ჯენერალ მოტორსის” უფროსმა მომლაპარაკებელმა ჯონ სმიტმა განაცხადა, რომ ”ოპელის” შეძენის მსურველი სამი კომპანიის მიერ წარდგენილი განაცხადების შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ მოლაპარაკება ”მაგნა ინტერნეიშნლთან” და ”RHJ ინტერნეიშნლთან” გაგრძელდება.

”ჯენერალ მოტორსის” მთავარი პირობა სწორედ ისაა, რომ ”ოპელის” რესტრუქტურიზაციის დასრულების შემდეგ, მას გერმანული კომპანიის უკან გამოსყიდვის უფლება უნდა მიეცეს. ამ პირობას ბელგიური ინვესტორის განაცხადი აკმაყოფილებს, ”მაგნასი” კი - არა. მაგრამ სამაგიეროდ, ავტომაკომპლექტებლების კანადურ მწარმოებელს მხარს გერმანიის მთავრობა და მისი კანცლერი ანგელა მერკელი უჭერენ.

”ჯერაც ბევრი საკითხია გასარკვევი, მაგრამ ამ ეტაპზეც ნათელია, რომ ”მაგნას” განაცხადი გაცილებით საინტერესო და მისაღებია. ამ განაცხადის მიხედვით, ”ოპელს” დამოუკიდებლად არსებობის დიდი შანსი აქვს, რუსულ საავტომობილო სექტორთან სტრატეგიული თანამშრომლობა კი მას სოლიდურ პერსპექტივას უქმნის”, - რუსეთის პრეზიდენტ მედვედვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მერკელმა.

No comments:

Post a Comment