”ლინკოლნი” მომცრო მოდელებსაც გამოუშვებს
Lincoln
27 ივლისი
მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ბევრი ავტოკომპანიის პრინციპებს ცვლის. განსაკუთრებით ეს ამერიკულ დიდ სამეულს ეხება, რომლებსაც გაყიდვების კლებამ და საწვავის ფასების ზრდამ ის ასწავლა, რომ უარი უნდა თქვან დიდგაბარიტიანი ავტომობილბის წარმოებაზე და ყურადღება ეკონომიურსა და ეკოლოგიურ ავტომობილებზე გადაიტანონ.
ასეთი ახალი მიდგომა ”ფორდშიც” შეიმუშავეს. ამიერიდან, ”ცისფერი ოვალის” ლუქს ბრენდი ”ლინკოლნიც” თავისი ავტომობილების გაბარიტების შემცირებასა და ამ ავტომობილების მიერ მოხმარებული საწვავის ლიტრების დათვლას დაიწყებს. კომპანიაში უკვე განიხილება ”ფორდ ფოკუსის” ბაზაზე, ”ლინკოლნის” მარკით რამდენიმე ახალი ავტომობილის, მათ შორის, ჰეჩბეკისა და კომპაქტური ქროსოვერის წარმოების საკითხი.
იმ დროს, როდისაც ”ლინკოლნის” სამოდელო გამაში ორი ახალი კომპაქტური ავტომობილი გამოჩნდება, კომპანია შეწყვეტს უკანაწამყვანბორბლიან პლატფორმებზე ავტომობილების წარმოებას. თუმცა, ორი წლის შემდეგ ასეთი პლატფორმის გამოყენება მაინც იგეგმება. ეს მაშინ მოხდება, როდესაც ”ლინკოლნი” თავისი მარკით, ”ფორდ მუსტანგის” მსგავს ავტომობილს გამოუშვებს.
ინტერნეტ გამოცემა ”აუტომოტივ ნიუსის” ინფორმაციით, მართალია, ჯერ კომპაქტური, წინა წამყვანბორბლიანი ავტომობილების წარმოების გადაწყვეტილება მიღებული არაა, მაგრამ ”ლინკოლნის” სპეციალისტები (თავიანთ ფორდელ კოლეგებთან ერთად) მაინც მუშაობენ შემდგომი თაობის ”ფოკუსის” შექმნაზე.
ამის შედეგი კი ისაა, რომ ”ლინკოლნმა” დეტროიტის წლევანდელ ავტო შოუზე წარმოადგინა კომპაქტური კონცეპტუალური ავტომობილი სახელად ”კონსეპტ C” (სურათზე), რომელიც ”ეკობუსტ” სერიის 1.6-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი. ინტერნეტ წყაროები იუწყებიან, რომ ეს ავტომობილი სერიული წარმოებისთვის ემზადება და ის ბაზარზე (როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ და ალბათ, ჩინურზეც) 2012 წელს გამოჩნდება. იმავე პლატფორმაზე, ”ფორდი” თავისი პოპულარული ”კუგას” შემდგომი თაობის მოდელს, ასევე ახალ ”ფორდ ისკეიპსა” და ”მერკური მარინერსაც” გამოუშვებს.
”ლინკოლნის” ახლანდელი მოდელებიდან, ყველაზე ცუდი პერსპექტივა სედან ”თაუნ ქარსა” და გიგანტურ ქროსოვერ ”ნავიგატორს” აქვთ. პირველის წარმოება 2011 წელს შეწყდება. ”ნავიგატორის” ბედი ჯერ გარკვეული არაა, თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ისიც ”თაუნ ქარს” ბედს გაიზიარებს.
No comments:
Post a Comment