”მაზდა RX-8” ფრანკფურტისთვის ემზადება
Mazda RX-8
27 ივლისი
გერმანულ ჟურნალ ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, იაპონური კომპანია ”მაზდა” ფრანკფურტის მოტორ შოუზე, კუპე RX-8-ის განახლებული ვერსიის პრემიერას გეგმავს. ავტომობილი ახალი აეროდინამიკური ელემენტებითაა შემკული, რომლებიც მის გარსშემოდენილობას აუმჯობესებს. ცვლილებებია ავტომობილის ინტერიერშიც.
წინა მოდელისგან ახალს წინა და უკანა სპოილერები, გამოსაბოლქვი მილების გაფართოებული დაბოლოება, შეცვლილი ფორმის უკანა სტოპ ფარები და ახალი, 19-დუიმიანი ბორბლები განასხვავებს. სალონში ახალია ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა, სავარძლები კი სხვა მასალითაა გაწყობილი.
სამაგიეროდ, ახალი RX-8-ც ვანკელის ტიპის როტორული ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მუშა მოცულობაც სულ რაღაც 1.3 ლიტრია და საკმაოდ ბევრ - 231 ცხენის ძალას და 211 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ძრავთან 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული. ამ ტანდმის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 6.4 წამში აკრეფს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი თითქმის 240 კმ/სთ-ია.
ფრანკფურტის შოუს დასრულებისთანავე, ახალი RX-8 ”მაზდას” ევროპელ დილერთა შოურუმებში გამოჩნდება. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილის საბაზო ვერსიის ღირებულება 38 000 ევრო იქნება.
No comments:
Post a Comment