Thursday, July 16, 2009

”დაიმლერმა” ელექტრული SLS AMG-ს წარმოება დაადასტურა

Mercedes SLS AMG Electric

16 ივლისი


”დაიმლერმა” ოფიციალურად დაადასტურა, რომ წარმოებისთვის ”მერსედესის” პირველ ელექტრომობილს ამზადებს. მოდელიც უკვე შერჩეულია. ესაა სუპერავტომობილი SLS AMG, რომლის შექმნაში მონაწილეობას, სამქიმიანებთან ერთად, მათი პარტნიორის, ტუნინგის საქმეში გაწაფული AMG-ს სპეციალისტებიც მიიღებენ.

ელექტრომობილი ოთხი მძლავრი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომლებიც ბორბლების სიახლოვეს მოთავსდება. მათი კომბინირებული სიმძლავრე 392 კილოვატს (525 ცხენის ძალას), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 880 ნიუტონმეტრს მიაღწევს.

საინტერესოა, რომ შტუტგარტელებმა ელექტროძრავები ბორბლების შიგნით კი არა, მათ სიახლოვეს განალაგეს, რათა ბორბლის დაურესორებელი წონა შეემცირებინათ. ელექტრული SLS AMG-ს სატესტო ვერსია მაღალი ვოლტაჟის ლითიუმ-იონური აკუმულატორებითაა აღჭურვილი, რომელთა გაგრილებასაც სპეციალური სისტემა მოემსახურება. აკუმულატორების ტევადობა 40 ამპერია საათში. აკუმულატორები მოძრაობის დროსაც, მუხრუჭების მიერ გამოყოფილი ენერგიითაც დაიმუხტება.

დადასტურებული ინფორმაციით (შესამაბისი მონაცემები, ოღონდ ნავარაუდები, სამი დღის წინაც გაგაცანით), ელექტრომოტორებით აღჭურვილ SLS AMG-ს ადგილიდან 100 კმ/სთ-ს ასაკრეფად 4 წამი დასჭირდება. ეს კი იგივე აჩქარებაა, რითაც ამ ავტომობილის შიდაწვისძრავიანი ვერსია ამაყობს, რომლის კაპოტქვეშაც 6.3-ლიტრიანი V8, 571 ცხენის ძალით ბობოქრობს.

შედარებისთვის, დღეისათვის მეტად პოპულარული კალიფორნიული კომპანია ”ტესლას” ელექტრომობილ S-ს 0-100 კმ/სთ აჩქარებისთვის 6 წამი სჭირდება, მის სპორტულ ვერსიას კი - წამით ნაკლები. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ, ”დაიმლერი” ”ტესლას” აქციონერი გახდა და ისინი ერთობლივად აპირებენ ელექტრომობილების შემუშავებას.

No comments:

Post a Comment