იულიან ბუმბუს კონცეპტუალური ”ბეემვე”
BMW S.X. Concept
16 ივლისი
რუმინელი დიზაინერი იულიან ბომბუ საავტომობილო დიზაინის ხელოვნებას მილანში დაეუფლა და შემდეგ, პრაქტიკა ”ალფა რომეოში” გაიარა. ახლა კი ბუქარესტში საკუთარი ატელიე აქვს, რომელიც ინდუსტრიული დიზაინის სფეროში მუშაობს. შიგადაშიგ კი, ბუმბუ თავისუფალ თემებს ასრულებს და ნამდვილ შედევრებს ქმნის. რამდენიმე თვის წინ მან საავტომობილო სამყარო კონცეპტუალური ”ლამბორგინი ინსექტათი” გააოცა, ახლა კი მორიგი კონცეპტუალური შედევრი - ”ბეემვე S.X.” შექმნა.
”ბეემვე S.X.” არის ბუმბუსეული ინტერპრეტაცია იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ბავარიული კომპანიის ლუქსის კლასის სპორტული ავტომობილი. S.X. არის უფრო განიერი და დაბალი, ვიდრე მასთან ყველაზე ახლოს მყოფი მე-6 სერიის ”ბეემვე”, ამასთან მასზე მოკლეცაა და უფრო გრძელი ბაზაც აქვს. მოკლედ, ნამდვილი მტაცებელია.
ვიზუალური თვალსაზრისით, S.X. ბავარიული კომპანიის კორპორატიულ სტილს შეეფერება, თუმცა მასში სიახლეც ბევრი შეინიშნება. მსგავსება განსაკუთრებით წინხედსა და უკანა ხედში შეინიშნება. სამაგიეროდ, იგივეს თქმა არ შეიძლება მის გვერდხედზე.
რამდენადაც ნამუშევარი მხოლოდ ესკიზების სახით არსებობს, მისი შემქმნელი არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ ყველაზე მეტად რა აგრეგატები მიესადაგება მის ქმნილებას. და რამდენადაც, S.X. -ს სუპერავტომობილობაზე აქვს პრეტენზია, მისთვის ზედგამოჭრილი 5.0-ლიტრიანი V10 იქნებოდა, რომელიც 536 ცხენის ძალას ავითარებს, ან ამ ძრავის ფორსირებული ვარიანტი...
No comments:
Post a Comment